საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, ქალაქ გორში, ტაქსებით მომსახურეობის ბაზარზე მოქმედი 11 სუბიექტის ერთობლივი განცხადება, „კატენას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო. სააგენტოს პოზიციით, მოპასუხედ დასახელებული კომპანიის მიერ, კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, განცხადება ინფორმაციას არ მოიცავს. სააგენტოს პოზიციას განმცხადებლებიც ეთანხმებიან და მიუთითებენ, რომ მათ მიზანს მოპასუხის სამომავლო არაკეთილსინდისიერ ქმედებათა პრევენცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილია, უკვე განხორციელებული ქმედებების შესწავლის მიზნით და არა მოსალოდნელ დარღვევებთან მიმართებით, მოკვლევა დაიწყოს. შესაბამისად, სააგენტომ დაადგინა, რომ სავარაუდო დარღვევის არსებობის თაობაზე, გონივრული ეჭვის სტანდარტი არ არის დაკმაყოფილებული, რის გარეშეც, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოკვლევის დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.