საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძე ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგო სანიკიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.


საერთაშორისო კონფერენცია მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი(ICPEN) და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის(FTC)  ორგანიზებით ქ. ვაშინგტონში იმართება. 


ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებებზე, არსებულ გამოწვევებზე საერთაშორისო სტანდარტებზე და გაიდლაინებზე, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში უკვე დანერგილია.


„2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა  „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი მიიღო. ჩვენმა უწყებამ დღემდე  1 500-მდე  განცხადება განიხილა, მიღებულია გადაწყვეტილებები, რომლის შედეგადაც ათასობით მომხმარებლის უფლება აღდგა, მომართვიანობა იზრდება, რაც მომხმარებლების მხრიდან გაზრდილი ნდობის შედეგია. GCCA ახორციელებს ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრებს მომხმარებლებთან, მოვაჭრეებთან, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, სერვისების გაციფრულება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში” - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.


GCCA-ის თავმჯდომარესთან ერთად პანელურ სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ - დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, სომხეთის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები.


სერგო სანიკიძემ პანელურ დისკუსიაზე ბელგიის, ნიდერლანდების, ლიეტუვის და  აშშ-ს წარმომადგენლებთან ერთად მომხმარებლის დაცვის და აღსრულების პროცესში ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების პირველ პირებთან. კონფერენციაში 80 ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

27.09.2024
უკან დაბრუნება