საქართველოს რეგიონებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალების უფლებათა დაცვის და ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის(UN WOMEN) ერთობლივი ორგანიზებით, 10 ოქტომბერს პირველი სამუშაო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.
შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სერგო სანიკიძემ: „რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციის გაზიარება ჩვენი სააგენტოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიღებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 70%-ის შემთხვევაში სწორედ ქალბატონები მოგვმართავენ. მთავარი გამოწვევა და დარღვევები იკვეთება ონლაინ ვაჭრობის სექტორში. შესაბამისად, თქვენთან შეხვედრა, გამოწვევების გაცნობა და ინფორმაციის გაზიარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მადლობა მხარდაჭერისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციას და შეხვედრაში მონაწილე ქალბატონებს“. შეხვედრა ასევე გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს ქალთა ფონდის ადგილობრივმა პარტნიორმა „ფონდი სოხუმის“ დირექტორმა, ალა გამახარიამ.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა, სადაც GCCA-ის წარმომადგენელმა, ოლიკო კობახიძემ, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, მონაწილეებს დეტალურად გააცნო კანონის სამართლებრივი საფუძვლები, სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტები, მომხმარებლის უფლებები და მოვაჭრის ვალდებულებები. მათ შორის, როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ქალბატონებთან შემდეგი სამუშაო შეხვედრები ჩანიშნულია 11 ოქტომბერს ზუგდიდში, ხოლო 15 ოქტომბერს ახმეტაში.