GCCA-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სერგო სანიკიძემ, დომინიკის რესპუბლიკაში, მონაწილეობა მიიღო მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) საერთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიაში – „სააგენტოს ეფექტიანობის სამუშაო ჯგუფის ანგარიში და მენტორობის პროგრამის შედეგები, გამოცდილება და მომავალი მიმართულებები“.
სესია მოიცავდა მენტორობის პროგრამის პირველადი შედეგების შეფასებას, რომლის ფარგლებშიც 15-ზე მეტი ქვეყანა ჩაერთო. პროგრამამ ხელი შეუწყო გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა იურისდიქციაში აღსრულების ეფექტიანობის გაძლიერებას.
სერგო სანიკიძემ კოლეგებს საქართველოს გამოცდილება გააცნო და პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ოფისთან თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პარტნიორობის შედეგი მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისაა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის.
„მენტორობა შეიძლება იქცეს რეგიონული ხიდების მშენებლობის საშუალებად. თუ ICPEN-ი შეძლებს მეზობელი ქვეყნების გამოცდილების გაერთიანებას, ეს გახდება მოდელი, რომელიც გააძლიერებს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ თანამშრომლობას“, - განაცხადა სერგო სანიკიძემ.
სესიას მოდერატორობას იტალიის კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (AGCM) საერთაშორისო და ევროკავშირის საქმეთა დირექტორატის უფროსი ექსპერტი ანტონიო მანჩინი უწევდა. დისკუსიაში ავსტრალიის, ირლანდიის, პოლონეთის, კოლუმბიის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.