ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შეფასების მიზნით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგი მოიცავს აღნიშნული ბაზრის მრავალმხრივ შეფასებას. შეფასების პერიოდი მოიცავს 2013-2017 წლებს. კერძოდ, მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის უცხოური გამოცდილების) საფუძველზე დამუშავდა ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ; განისაზღვრა შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული საზღვრები და დროითი ჩარჩო (იდენტიფიცირებული შესაბამისი ბაზარი); დადგინდა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და მათი წილობრივი გადანაწილება; განხორციელდა შესაბამისი/იდენტიფიცირებული ბაზრის მოცულობის და კონცენტრაციის (HHI ინდექსების) გამოთვლა/განსაზღვრა; შეფასდა ბაზარზე არსებული სხვადასხვა ფაქტორები და მათი გავლენა კონკურენციაზე. სააგენტოს პოზიციით, განსახილველ ბაზარზე არსებული ბარიერები არ არის დისკრიმინაციული სახის, თანაბრად მიემართება ამ ბაზარზე მოქმედ ყველა ეკონომიკურ აგენტს, ემსახურება მნიშვნელოვანი საჯარო და კერძო ინტერესების დაცვას და აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ შესაბამის ბაზარზე მოქმედი სამი ყველაზე მსხვილი კომპანიიდან არცერთს არ უფიქსირდება დომინირებული მდგომარეობა. განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, არ გამოიკვეთა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც ბაზრის უფრო დეტალური კვლევის საჭიროებას აუცილებელს გახდიდა. შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესასწავლ პერიოდში, (2013-2017 წლები), იდენტიფიცირებული შესაბამისი ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან.