საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური მიმოხილვა - 2020 წლის იანვარი-მაისი
საწვავის გლობალურ და ადგილობრივი ბაზარზე როგორც რეალიზაციის მოცულობების, ასევე ფასების ფორმირების თვალსაზრისით, COVID 19-მა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, კორონა ვირუსის გავლენის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში შუალედური მიმოხილვა მოამზადა, რომელიც 2020 წლის იანვარ - მაისის პერიოდს მოიცავს.
**შუალედურ მიმოხილვაში მოცემული შეფასებებით**
• 2013 წლიდან, ბენზინისა და დიზელის როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის ნაწილში, გაზრდილია მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, შემცირებულია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მაჩვენებელია; 2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, რომელთა რაოდენობა 2019 წელს 63-მდე გაიზარდა.
• 2020 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივ ბაზარზე პლატსის ფასის ცვლილება ძირითადად აისახებოდა შესაბამისი დროითი შუალედების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორც მსხვილ, ასევე მცირე ქსელებზე. მცირე ქსელები ბევრად მოქნილად რეაგირებდნენ ფასების ცვლილებაზე, რაც ძირითადად განპირობებული იყო საწვავის მცირე მარაგებით;
• ფასების დიაპაზონი და სხვაობა ერთი და იგივე მარკის საწვავზე იყო საკმაოდ დიფერენცირებული, რაც მომხმარებელს აძლევდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალებას;
• COVID 19-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საწვავის გლობალურ და ადგილობრივ ბაზარზე, როგორც რეალიზაციის მოცულობების, ასევე ფასების ფორმირების თვალსაზრისით;
• საქართველოს ბაზარზე მიმდინარე პროცესები ფასების ცვლილების ნაწილში პრაქტიკულად იდენტური იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი, რუსეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან.
• ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2019 წლის მონაცემებით შეადგენს 60%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 40%-ის ფარგლებშია; 2015 წლის დასაწყისში, ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს კი მათი რიცხვი 1210-ს შეადგენს.
საქართველოს კონკურენციის სააგენტო აგრძელებს საწვავის ბაზრის მონიტორინგს და გარკვეული პერიოდულობით შესთავაზებს დაინტერესებულ მხარეებს შუალედურ შეფასებებს.