საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ავტოდაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დაასრულა ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი. შესაფასებელ დროით შუალედს, სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, წარმოადგენდა 2015-2019 წლების პერიოდი.

მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტომ მოიპოვა და დაამუშავა მოცულობითი ინფორმაცია, რის საფუძველზეც განხორციელდა ბაზრის მრავალმხრივი შეფასება, კერძოდ: დამუშავდა ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობა; მოხდა ბაზრის სეგმენტაცია და პრიორიტეტიზაცია; შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული და დროითი ჩარჩოს განსაზღვრა; ჩატარდა მრავალმხრივი რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი, იმის დასადგენად, არსებობდა თუ არა ბაზარზე დომინირებული ან/და ჯგუფური დომინირებული მდგომარეობა, ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები ან/და კონკურენციის შემზღუდველი სხვა ფაქტორების არსებობის რისკი.

კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ავტოდაზღვევის ბაზარი ხასიათდება ბაზარზე შესვლის, ოპერირებისა და გასვლის მაღალი ბარიერებით, რასაც საფუძვლად უდევს ორი გარემოება – 1. სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობის მიზნით არსებული რეგულაციები და 2. დაზღვევის ზოგადი ბუნება მასშტაბის ეკონომიის მიღწევის მიზნით. ბარიერები თანაბრად ვრცელდება ყველა არსებულ და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტზე, რაც არადისკრიმინაციულობის, თანაბარზომიერებისა და პროპორციულობის მაჩვენებელია.

2015-2019 წლებში, მნიშვნელოვნად შემცირდა ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI), რამაც ბაზრის მაღალკონცენტრირებულიდან ზომიერად კონცენტრირებულ მდგომარეობაში გადასვლა განაპირობა. აღნიშნულის პარალელურად გაიზარდა ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა.
შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სააგენტომ განახორციელა მოქმედი კომპანიების სადაზღვევო პროდუქტების ფასების ანალიზი. შედეგად გამოიკვეთა, რომ ეკონომიკური აგენტების ფასწარმოქმნის პოლიტიკა განსხვავებულია. ფასები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობით იცვლება და კორელაციის კოეფიციენტების გათვალისწინებით არ გამოირჩევა პარალელიზმის მაღალი ხარისხით. ამასთან, კომპანიები აქტიურად მიმართავენ არასაფასო კონკურენციის მრავალფეროვან მარკეტინგულ მეთოდებს და ყოველწლიურად აფართოებენ ბაზარზე ავტოდაზღვევის პროდუქტის მიწოდებას/ხელმისაწვდომობის გზებს, მათ შორის ონლაინ არხების მეშვეობით.
მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ წლებში ბაზარი ზრდის ტრენდით გამოირჩეოდა, დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში არსებულ ავტოპარკთან შედარებით მცირეა და შესაბამისად არსებობს ბაზრის ათვისების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ამასთან, მრავალმხრივი რაოდენობრივი ანალიზი აჩვენებს კონკურენციის არსებობას, როგორც ბაზრის ათვისებულ, ასევე პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის მიმართულებითაც.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზარზე არ გამოიკვეთა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები. ამასთან ერთად, მონიტორინგის ფარგლებში გამოკვლეული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტო მიიჩნევს, რომ 2015-2019 წლებში შესაბამისი ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან.

[ვრცლად](https://admin.competition.ge/uploads/8754c719bba74d16a275538725c24fc3.pdf)
11.06.2020
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა