საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია შპს „ანი“-სთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისად, კომპანიას დაევალა - 1 თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.
სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება - იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, ზიანი მიადგათ, შეცვალოს კომპანიის სავაჭრო პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს. ასევე, მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებლისთვის მიწოდებული ფორმა უნდა შეიცავდეს:
• საქონლის/ მომსახურების დასახელებას და არსებით მახასიათებლებს;
• მოვაჭრის ვინაობას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;
• საქონლის/მომსახურების ფასს, ძირითად და დამატებით ხარჯებს;
• საგარანტიო პირობებს და კანონით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
მოვაჭრე ვალდებულია - სარეალიზაციო მაღაზიაში გასაყიდი ფასი მკაფიო, გასაგები ფორმით მიუთითოს.
ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე - 35 შეთანხმება გააფორმა. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი - 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.