კონკურენციის სააგენტომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კვლევაში - **"კონკურენციის აღსრულება ბიზნეს ურთიერთობებში COVID-19-ის დროს: გლობალური ხედვა"**. აღნიშნულ კვლევაში, რომელიც საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის CUTS INTERNATIONAL-ის მიერ იქნა ჩატარებული, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით სხვდასხვა კონკურენციის უწყებები ( გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, იტალიის, გერმანიის, ტაილანდის და სხვა.)საერთაშორისო ორგანიზაციები/ქსელები (ევრო საბჭო, OECD, UNCTAD, ICC, ICN) და ექსპერტები მონაწილეობდნენ. კვლევის მიზანია, პანდემიით გამოწვეულ პირობებში სხვადასხვა ქვეყნების კონკურენციის უწყებების მიერ გატარებული ზომების შეფასება, მათი გაანალიზება და საჭიროებების იდენტიფიცირება. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სფეროში და მათ შორის კონკურენციაში, საგანგებო მდგომარეობა თანამშრომლობის განსხვავებულ ხარისხს და ფორმას მოითხოვს, ნაშრომი სადისკუსიო ხასიათს ატარებს და მასში მოცემულია მსჯელობა, იმის შესახებ, თუ რა ტიპის კონკურენტუნარიანი რეაგირებების მოხდენა იქნებოდა უფრო რელევანტური მოცემულ სიტუაციაში მომხმარებლებისა და ბიზნესის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მასშტაბით კონკურენციის უწყებები, ბიზნესების მიმართ, ერთდროულად, მოქნილ და მტკიცე პოლიტიკას ატარებენ. მოქნილი პოლიტიკა გამოიხატება კონკურენციის კანონის აღსრულების შერბილებით (ბიზნესების გაერთიანებების, შეთანხმებული თანამშრომლობების დაშვება, ნაკლები ჯარიმების დაწესება და ა.შ.) იმ ბიზნესებისთვის ვისი საქმიანობაც დადებით გავლენას ახდენს პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ხოლო მტკიცე პოლიტიკა გულისხმობს დაუყოვნებლივ და მკაცრ რეაგირებას, ისეთი ბიზნესების მიმართ, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ შექმნილი ვითარებით და კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებით საკუთარი გავლენების გაზრდას ცდილობენ. მსოფლიოს მასშტაბით (მათ შორის საქართველოში) კონკურენციის უწყებებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად იდენტიფიცირება მოხდა 1. ფაქტორების, რომლებიც განაპირობებენ სხვადასხვა სექტორებში კონკურენციის კანონის აღსრულებისას შეღავათების/გამონაკლისების მინიჭებას, 2. საგანგებო ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორების 3. ზომების, რაც უნდა გატარდეს, ბიზნესების გასაკონტროლებლად, რათა ბოროტად არ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და 4. ქმედებების, რომლებიც არსებულ ვითარებაში დაუყოვნებლივ აღსრულებას საჭიროებენ. **კონკურენციის უწყებებმა:** 1. ზოგიერთი სექტორისთვის გამონაკლისების/დაშვებების მისანიჭებლად ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად დაასახელეს: საჭიროება და პროპორციულობა, საჯარო ინტერესი და გაზრდილი მოთხოვნა; 2. COVID-19-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებად განსაზღვრეს: რითეილი, სუპერმარკეტები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საბითუმო მოვაჭრეები, მედიკამენტების მწარმოებლები, ჯანდაცვა, ფარმაცევტული ნაწარმის დისტრიბუტორები, ტურისტული სააგენტოები, კვლევა და განვითარება (R&D); 3. ბიზნესების მხარდასაჭერად განსახორციელებელ ღონისძიებებად დაასახელეს: ბიზნესებისთვის დახმარების გაწევა, საკომუნიკაციო არხების შექმნა, ნებადართული თანამშრომლობების ჩამონათვალის შედგენა, მოსახლეობის წახალისება დარღვევებზე შეტყობინებების გამოსაგზავნად და სხვა დანარჩენი. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ისეთი ბიზნეს გარემოს შექმნას ,რომ ბიზნესებმა მოცემული ვითარებით ბოროტად არ ისარგებლონ, არამედ მართებულად განაგრძონ საქმიანობა. 4. არსებულ ვითარებაში დაუყოვნებლივ რეაგირებისა და აღსრულებისთვის საჭირო ქმედებებად განსაზღვრეს: ბიზნეს თანამშრომლობები რომლებიც საჭიროზე მეტ ხან გრძელდებიან, უსარგებლო გაერთიანებები, ფასების ზრდა, ფასების ფიქსაცია, შეღავათების დაწესება და სხვა. კვლევის პროცესში წარმოიშვა კითხვები პანდემიურ ვითარებაში, საქონლისა და მომსახურების მიწოდება განაწილების უზრუნველსაყოფად, ბაზარზე ბალანსის შესანარჩუნებლად, კრიზისული ვითარების ეფექტურად დასაძლევად, საგანგებო მდგომარეობისას კონკურენციის აღსრულების უზრუნველსაყოფად, საჭიროა თუ არა კონკურენციის კანონებში შევიდეს ცვლილებები სამომავლოდ, მსგავს სიტუაციებში გამონაკლისებისა და დაშვებების განსაზღვრისთვის, რომელიც დაეხმარება მთავრობებს სწორი ნაბიჯების გადადგმაში და დაიცავს ბიზნესის და საზოგადოების ინტერესებს. აგრეთვე, ჩნდება დილემა, არსებულ ვითარებაში რამდენად მომგებიანი მიდგომაა - "მოქალაქეების დაცვა ახლა და ეკონომიკური უკუეფექტის მიღება მოგვიანებით". კვლევამ ცხადყო, რომ დღეს, გლობალური კრიზისის დასაძლევად, ბიზნესებს შორის შეთანხმებული თანამშრომლობების დაშვება მათთვის შეღავათებისა და გამონაკლისების მინიჭება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვადასხვა ქვეყნების კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობა. აღნიშნული კრიზისი - სტრესის ტესტი- ქმნის ვითარებას, როცა უკან უნდა გადავდგათ ნაბიჯი და დავფიქრდეთ: მოგვწონს თუ არა მანდატი, ორგანიზაციები და მათი ოპერირება, ახალი რა უნდა გავაკეთოთ კრიზისის შემდეგ და რა იყო ძველი, რამაც კარგად იმუშავა "ახალ ნორმალში".