„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მისი აღსრულება 2022 წლის 1 ნოემბერს დაიწყო. აღსრულების პროცესში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ რიგი საკითხები გამოიკვეთა, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვის დროული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით საჭიროებდა დაზუსტებას. კერძოდ, კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად:
1. დისტანციურად ან სარეწს გარეთ შეძენის შემთხვევაში, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, მომხმარებელს არ ექნება უფლება დააბრუნოს სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრე თავად განსაზღვრავს აღნიშნული ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას, წესსა და პირობებს.
2. 2023 წლის 1 აგვისტოდან, მოვაჭრისგან ინფორმაციის მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში, სათანადო შეტყობინების შემდეგ, სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას დააკისრებს. ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 000 ლარს.
3. განისაზღვრა - სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისადმი დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 600 ლარი. (ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს).
მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.