საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის და სტრუქტურული ოპტიმიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, უწყების დებულებაში რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ძალაში 1 ნოემბრიდან შედის. ცვლილებების აუცილებლობა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერებამ და ახალი ფუნქციების დამატებამ განაპირობა.
მიღებული ცვლილებების თანახმად:
• სააგენტოს თავმჯდომარეს ორის ნაცვლად ერთი მოადგილე ეყოლება;
• იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული - სასწავლო-კვლევითი ცენტრი, რომელიც როგორც შიდა - სააგენტოს თანამშრომლებისთვის, ასევე გარე - დაინტერესებული მხარეების სასწავლო პროექტების განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი;
• ძლიერდება კომუნიკაციის დეპარტამენტი საერთაშორისო და ადგილობრივი მიმართულებით;
• იქმნება ქოლ ცენტრი სააგენტოში შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისა და მონიტორინგის წარმოების მიზნით;
• იხვეწება შიდა აუდიტის ფუნქციები და ძლიერდება ფინანსურ ადმინისტრაციული მიმართულებები;
• „ელექტრონული კომერციის“ შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ახალი ფუნქციები ემატება;
ზუსტდება კონფიდენციალურ ინფორმაციასთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიღებული ცვლილებები ხორციელდება USAID--ის პროგრამის HICD პროექტის ფარგლებში ჩატარებული სააგენტოს ფუნქციონალური ანალიზის შედეგების თანახმად. ცვლილებები სააგენტოს დაფინანსების მოცულობაზე გავლენას არ ახდენს.
ამ დროისთვის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს კანონს.