საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, სს „თითიელ აშშ ჯგუფის“ (USA2GEORGIA) მხრიდან დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხება - კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიუწოდებლობას, უსამართლო სტანდარტული პირობების და უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელებას. აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში სააგენტომ მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების ფორმა და პერიოდულობა დაადგინა. კერძოდ:
- სააგენტოს გადაწყვეტილების მიხედვით, რელევანტური ინფორმაციის სწორად, სრულად, გასაგებად და ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების დროს, როგორიცაა ამანათების საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურება.
- სააგენტოს პოზიციით, მომსახურების არსებით მახასიათებლად მიჩნეული იქნა გადასაზიდი ამანათების მაქსიმალური წონის, ასევე ელექტროტექნიკისა და ელექტრონაწარმის განმარტების შესახებ მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. აგრეთვე, მომსახურების შესახებ ძირითად ინფორმაციად მიჩნეული იქნა, ამანათის დაკარგვა/გაუჩინარების შემთხვევაში, მოვაჭრის პასუხისმგებლობის წესის განსაზღვრა.
- სააგენტომ უსამართლოდ მიიჩნია ხელშეკრულების სტანდარტული პირობა, რომელიც მომხმარებლისთვის არ არის სრული, ადვილად აღქმადი და გასაგები.
- საქმის შესწავლის პროცესში, სააგენტომ დაადგინა, რომ მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისათვის მიწოდებულ ინფორმაციაში გამოტოვებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის ცოდნის შემთხვევაშიც შესაძლოა მომხმარებელს არ დაედო ხელშეკრულება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული ქმედება მიჩნეული იქნა უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მოთხოვნებს შეუსაბამოს.