საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

,,საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო’’ 1 იანვრიდან სახელწოდებას იცვლის

კონკურენციის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები 2024 წლის 1 იავრიდან ძალაში შედის. ცვლილებების მიხედვით, ძლიერდება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, ზუსტდება ტექნიკური დეტალები/ტერმინები და იცვლება უწყების სახელწოდება. ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით მიიღო.


კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის აღსრულების დაწყებით სააგენტოს მანდატი და ფუნქციები გაიზარდა, უწყების სახელწოდება დარედაქტირდა შემდეგნაირად - „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“. 


მიღებული ცვლილებების შესაბამისად:


• სააგენტოს მიერ ადგილზე შემოწმებისას, უფლებამოსილი პირების ადგილზე არდაშვება ან/და შემოწმების პროცესის ხელის შეშლა გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას. კერძოდ, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში  - 20 000 ლარის ოდენობით.


• საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა სხვადასხვა სამართალდამცავი ან საექსპერტო უწყებების შესაბამისმა წარმომადგენლებმა მიიღონ.


• კანონში წლიური ბრუნვის ცნება, ჩანაცვლდა ტერმინით „ერთობლივი შემოსავალი“, რაც შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებულ განმარტებას. 


• მიღებული ცვლილებების თანახმად, საჩივრის გახმობის ვადა იზღუდება და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე.


• კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე მხარის / მხარეების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.


• კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 5  დღიანი სამუშაო ვადა  10 სამუშაო დღემდე გაიზარდა. ასევე, ფიზიკურ პირს, ვისაც კონცენტრაციის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა და ამ ვალდებულებას დაარღვევს, დაეკისრება ჯარიმა, მაქსიმუმ, 10 000 ლარის ოდენობით.


• "კონკურენციის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით დაინერგა  თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირის/პირების ვინაობისა და მათ მიერ მოწოდებული მონაცემების კონფიდენციალურობის გარანტიები. 


მიღებული ცვლილებები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციის და სააგენტოს პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა.

13.12.2023
უკან დაბრუნება