საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მიხედვით კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველო პროგრესირებს

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია.  ანგარიშის თანახმად, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) კანონის აღსრულების მექანიზმები საგრძნობლად გააძლიერა.


„მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში, საანგარიშო პერიოდში, ფიქსირდება წინსვლა და შესრულებულია ევროკომისიის 2023 წლის რეკომენდაციების ნაწილი. კერძოდ, ქვეყანაში არსებობს მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური ჩარჩო და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაშია. მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სააგენტო, 2023 წელს, მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს - ICPEN პარტნიორის სტატუსით შეუერთდა, რაც ეფექტიან გლობალურ თანამშრომლობას ხელს უწყობს“. ანგარიშის მიხედვით, რეკომენდებულია, რომ საქართველომ სრულად მოახდინოს ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი აღსრულება.


კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ანგარიშშია წარმოდგენილი - საკანონმდებლო ბაზა ევროკავშირის კანონმდებლობას უმეტესწილად შეესაბამება. „2024 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა კონკურენციის შესახებ კანონში შეტანილი რამდენიმე პროცედურული და მატერიალური ცვლილება. წლიური ბრუნვის დეფინიცია გადაიხედა და მომჩივნის მიერ საჩივრის უკან გახმობის ვადა შეიზღუდა. ასევე, თანამშრომლობის პროგრამის შესახებ დებულებები ECN+ დირექტივის შესაბამისად შეიცვალა. ადგილზე შემოწმების ხელშეშლის შემთხვევებისთვის (dawn raids) ჯარიმები დაწესდა. ასევე სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტში არაერთი ცვლილება განხორციელდა. მათ შორის, შერწყმის თაობაზე შეტყობინების წარდგენის წესში. რაც შეეხება ინსტიტუციურ ჩარჩოს, განხორციელდა შიდა რესტრუქტურიზაცია“.


ანგარიშში სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბარია ასევე უწყების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან საქმეებზე. კერძოდ, შეფასებულია, 2023 წლის 15 ივნისიდან 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, სააგენტოს მიერ განხილული კონცენტრაციების ნაწილი. ასევე დასრულებული მოკვლევები. როგორც დოკუმენტშია საუბარი, უწყებამ დაასრულა ორი მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო გამოყენებასთან, ოთხი მოკვლევა კონკურენციის საწინააღმდეგო შესაძლო შეთანხმებასთან, ხოლო ოთხი არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებით.


სახელმწიფო დახმარების მიმართულებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ GCCA-მ დაასრულა ანალიზი სახელმწიფო დახმარების სფეროში გასათვალისწინებელი ხარვეზებისა და პრიორიტეტების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია. რეკომენდებულია აღნიშნული მიმართულებით ინსტიტუციური ჩარჩოსა და სააგენტოს აღსრულების მექანიზმების გაძლიერება. 2023 წლის განმავლობაში, სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, თუმცა შეგროვებულ იქნა ინფორმაცია გაცემული მინიმალური ოდენობის სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით.


ინფორმაციისთვის: 2022-2024 წწ., ევროკავშირის მხარდაჭერით, GCCA-ში ,,დაძმობილების’’ პროექტი მიმდინარეობდა. პროექტის ექსპერტების შეფასებით, ამ პერიოდში კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპულ კანონმდებლობასთან 60%-დან 75%-მდე, მომხმარებლების უფლებების დაცვის კანონმდებლობის შესაბამისობა კი 70%-დან 85%-მდე გაიზარდა.

01.11.2024
უკან დაბრუნება