საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მხრიდან კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის(კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები) სავარაუდო დარღვევის ფაქტს.
საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული სადავო ქმედების შემადგენლობა არ იკვეთება, ვინაიდან აკრედიტაციის ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და არა ეკონომიკურ სუბიექტს. შესაბამისად, ის არ ექცევა მე-7 მუხლის ქმედების სუბიექტის ცნებაში. ასევე, არ არის დაკმაყოფილებული დარღვევის დადგენის აუცილებელი წინაპირობა. კერძოდ, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების, გადაწყვეტილების ან შეთანხმებული ქმედების დასადგენად აუცილებელია მინიმუმ ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტის არსებობა. რაც შეეხება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან სახელშეკრულებო საფუძვლით წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხს, აღნიშნული სააგენტოს კომპეტენციას არ განეკუთვნება.
ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის შედეგად GCCA მიიჩნევს, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებს მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს, არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, სახეზე არ არის სადავო ნორმის შემადგენლობა და კონკურენციის კანონმდებლობით სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტო მოკვლევის დაწყებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
ინფორმაციისთვის: 2024 წელს, დასრულდა 2 მოკვლევის საქმე და 4 მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 8 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.