საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ასპ-გრუპის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

შპს „ასპ-გრუპმა“ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი - სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის 2021-2022 წლების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიის მიერ კონკრეტულ ტენდერებში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საჩივარი შეეხებოდა ხსენებული ტექნიკის კონსოლიდირებული შესყიდვის ფარგლებში დაწესებული სატენდერო მოთხოვნების შესაბამისობას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლთან (ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა). მომჩივანის პოზიციით, სატენდერო კომისიის მხრიდან, ადგილი ჰქონდა სატენდერო მოთხოვნების იმგვარად ჩამოყალიბებას, რამაც კონკრეტული ეკონომიკურ აგენტს დომინანტური მდგომარეობა შეუქმნა და არსებითად შეზღუდა კონკურენცია. დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა სადავოდ გამხდარი ტენდერები და მომჩივანის მიერ დასახელებული სატენდერო მოთხოვნები, ასევე, გაანალიზებულ იქნა სატენდერო კომისიის მიერ მოწოდებული ბაზრის წინასწარი კვლევის შედეგები. ხსენებული შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ტექნიკურ პარამეტრებსა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოთხოვნას აკმაყოფილებდა შესაბამის ბაზარზე მოქმედი სულ მცირე 6 ეკონომიკური აგენტი. შესაბამისად, არ გამოიკვეთა კონკრეტული ეკონომიკური აგენტის ან/და აგენტთა ჯგუფის არსებობა, რომელიც ხსენებული პარამეტრების დაკმაყოფილების კუთხით იქნებოდა დომინანტურ მდგომარეობაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს, კერძოდ, არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი, რის გამოც, სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო. 2020-2021 წლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ 5 სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგი დასრულდა. უწყების დაკვირვების ქვეშ რჩება სწავავის და ფარმაციის ბაზრის მონოტორინგები. მიმდინარე რეჟიმშია შპს „ალგორითმის“ მოკვლევის საქმე და დასაშვებობის შესწავლის ეტაპზეა - 4 ქეისი. 2021 წელს დასრულდა 2 მოკვლევა, სადაც ერთში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი არ დადასტურდა, მეორეში შეთანხმებულო ქმედება დადგინდა და 4 კომპანია დაჯარიმდა. 1 საჩივარი სააგენტომ ცნო დაუშვებლად.

25.06.2021
უკან დაბრუნება