ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია - „დემპინგი და საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა" გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას „ჯეოქეისის" თავმჯდომარის მოადგილე, ბაქარ ფალავანდიშვილი უწევდა. როგორც ბაქარ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, WTO-ს პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად დამუშავებული კანონპროექტი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ონლაინ დისკუსიაში მოწვეულმა სპიკერებმა, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანტიდემპინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა სერგიამ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში დანერგილი სიახლეები დემპინგისა და ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის მიმართულებით განიხილეს. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან და ევროკავშირთან პარტნიორობით როგორ დაინერგა და ვითარდება ქვეყანაში ანტიდემპინგური პოლიტიკა. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ მიზნად ისახავს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის საფრთხისაგან. უწყების უმთავრესი ამოცანაა იმპორტიორი და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სამართლიანი პრინციპების შეთავაზება და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. შესწავლა იწყება იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ინდუსტრიის 50%-ზე მეტი აკეთებს განაცხადს და განაცხადზე ხელმომწერების ერთობრივი წილი 25% ნაკლები არ არის მოცემულ ბაზარზე. დემპინგის დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს უწყების მიერ განსახორციელებელი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს. შესწავლის შედეგს - შესაბამის დასკვნას კონკურენციის ეროვნული სააგენტო წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ღონისძიებების დაწესების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. ინფორმაცია ვრცლად იხილეთ - https://www.interpressnews.ge/ka/article/664860-jeokeisis-vebinarebis-seriis-parglebshi-onlain-diskusia-dempingi-da-sakartvelos-sagareo-vachrobis-politika-gaimarta