„სადაზღვევო კომპანია უნისონი“ „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის” წინააღმდეგ - კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივარი „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის” წინააღმდეგ დაუშვებლად ცნო. თემა ეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. სააგენტოს შეფასებით, მოპასუხე კომპანიის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, არასამართლიანი სავაჭრო პირობების და ფასების დაწესების გზით, არ ფიქსირდება.
მომჩივანის განმარტებით, მზღვეველი ვალდებული იყო გარანტიაზე მყოფი კონკრეტული ფირმის ავტომანქანის შეფასება შესაბამის ავტორიზებულ ცენტრში განეხორციელებინა. „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის” მიერ ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება შეფასდა გაცილებით ძვირად, ვიდრე სხვაგან. ავტომანქანის სხვა ცენტრში შეკეთების შემთხვევაში, საგარანტიო მომსახურება გაუქმდებოდა. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ ოფიციალური ავტორიზებული ცენტრის „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ მიერ შეთავაზებული ტარიფებით ისარგებლა.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხეს ერთგვაროვანი საფასო პოლიტიკა აქვს, როგორც გარანტიაზე მყოფ, ასევე სხვა ავტომობილების შეკეთების შემთხვევაში. ასევე, სააგენტო მოკლებულია უფლებამოსილებას შეისწავლოს - რამდენად სწორად მოხდა ავტომობილის ცალკეული ნაწილის შეცვლა, ტექნიკური მომსახურების გაწევა და ა.შ. - რადგან აღნიშნული სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანია. შესაბამისად, ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ სადავო ავტომობილის შესაკეთებლად ყველა სახის მომსახურების მიღების ვალდებულება გამომდინარეობდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სატენდერო პირობებიდან. ასევე, არც მოპასუხის და არც მწარმოებლის საგარანტიო პირობები არ შეიცავდა პირდაპირ აკრძალვას ავტომობილის არაავტორიზებულ სერვის ცენტრში გადატანასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ინფორმაციისთვის: 2021 წელს კონკურენციის სააგენტომ 3 მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია - 3 საქმე და 3 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. ამავე პერიოდში, 3 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის - საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი, დასრულდა საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი. სააგენტომ კონცენტრაციის შესახებ ერთ განაცხადზე თანხმობა გასცა.