კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარმოუდგენლობის გამო საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ტექნიკით ვაჭრობა/მონტაჟის სფეროში მოქმედი ეკონომიკურ აგენტი დააჯარიმა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 20 აპრილს განხორციელებულ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. კონცენტრაციაში მონაწილე პირების როგორც ინდივიდუალური, ასევე, ერთობლივი წლიური ბრუნვა აკმაყოფილებდა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ შეტყობინების ვალდებულების წარმომშობი ბრუნვის კრიტერიუმს და სახეზე არ იყო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების სააგენტოსთვის წარმოდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების არც ერთი კანონისმიერი წინაპირობა. შესაბამისად, შემძენ ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით და დაევალა სააგენტოში კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარმოდგენა. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში განისაზღვრება ჯარიმა - მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი. ინფორმაციისთვის: 2021 წელს ქვეყანაში რეგისტრირებულია 12 564 კონცენტრაცია. ამავე პერიოდში, უწყებამ ერთ კონცენტრაციაზე ნებარვა გასცა. თემა ეხებოდა წასახემსებელი პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობებს შორის დაგეგმილ გაერთიანებას.