საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მედიაციისა და კონკურენციის სფეროში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ განახორციელონ - საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩარულობით, ერთობლივი ღონისძიებები, სასწავლო პროექტები, გასვლითი ვორქშოფები, კონფერენციები და სხვა აქტივობები. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის გაცვლას, სხვადასხვა კვლევების წარმოებას და კონსულტაციების გაწევას.

„2020 წლიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“. შესაბამისად, შეიქმნა საკანონმდებლო ჩარჩო როგორც სასამართლო, ისე კერძო მედიაციისთვის, რითაც მედიაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები რეგულირების ფორმატში მოექცა. ვიცით, რომ 2020 წელს დამტკიცდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები. გაძლიერდა და დაიხვეწა უწყების ფუნქცია-მოვალეობები. ასევე, ძალაში შევიდა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებისა და ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან დამცავი ინსტრუმენტის შემოღება. მედიაციის, ისევე როგორც კონკურენციის პოლიტიკის განვითარება, ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა-განხორციელება, კულტურის დამკვიდრება, მიმდინარე პროცესების შესახებ ბიზნეს სექტორისა თუ სხვა სამიზნე აუდიტორიის ინფორმირება უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. აქედან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, შესაძლებლობების ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით, სხვადასხვა მიმართულებით, მზად ყოფნას გამოთქვამს ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიურად ითანამშრომლოს“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ორმხრივ დონეზე განიხილეს ურთიერთობების გაძლიერების სამოქმედო გეგმა და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები.
28.09.2021
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა