საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მომხმარებლის უფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. კანონი ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევა, ხოლო განცხადებების განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყება. კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია. კანონში ასახულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, მომზადებულია ევროდირექტივების სრული დაცვით და ემსახურება მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას. სააგენტო განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვრავს მის დასაშვებადობას, 1 თვის ვადაში განიხილავს განცხადებას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს გააფრთხილებს, მისცემს ვადას მისი აღმოფხვრისთვის, ხოლო მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება სანქცია – წინა წლის ბრუნვის 2%–მდე ოდენობით. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი - ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აქტიური ჩართულობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის (GIZ)დახმარებით შემუშავდა. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჩართულნი იყვნენ - სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.