საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საკითხი ეხება - ტურისტული მომსახურების ბაზარზე მოქმედი კომპანიის საჩივარს - კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისებას. კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა. სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს. ამ დროისათვის მიმდინარე რეჟიმშია 2 საქმის მოკვლევის პროცესი: 1. სათარჯიმნო სექტორში - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით და 2. სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში - არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის ფაქტზე. 2021 წელს, სააგენტომ 5 საქმის მოკვლევა დაასრულა - მათ შორის, სამი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, ორ მათგანში დარღვევა დადასტურდა. ერთი შეთანხმებული ქმედების ფაქტი იქნა გამოვლენილი 4 კომპანიის მიმართ და ერთ შემთხვევაში სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი არ დადგინდა. დამრღვევი კომპანიები იქნენ სანქცირებული და ბაზრის მოწესრიგების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად 3 საქმის შესწავლის პროცესი მიმდინარე რეჟიმშია.