,,მომხმარებელს უნდა იცავდეს კანონი, ეს ევროპული სტანდარტია და თქვენ ამისკენ მიდიხართ’’ - მარია პილარ კანედო არილაგა
კონკურენციის პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში გამართულ პირველი საერთაშორისო კონფერენციაზე, ესპანეთის ეროვნული ბაზრებისა და კონკურენციის სააგენტოს კომისიის წევრმა, კომისარმა მარია პილარ კანედო არილაგამ.
,,კონკურენციის პოლიტიკა დღეს არსებულ გამოწვევებს პასუხობს და კომპანიებს მიმზიდველი სერვისების შექმნაში ეხმარება, რომელიც საზოგადოების ყველა ფენისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. თუ, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციაა ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება უკეთესი სერვისი მიიღონ, ჰქონდეთ უკეთესი სამუშაო პირობები, დაცული იყოს მათი უფლებები. ამ ყველაფერს კი კონკურენციის სააგენტოს პერსპექტივით ვუყურებთ”, - ამბობს მარია არილაგა.
მისი თქმით, კანონის აღსრულებისას ბალანსის დაცვაა საჭირო, რათა კომპანიებისთვის კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას და, ამავდროულად, არ შეფერხდეს მათი განვითარებაც.
,,კონკურენციის სააგენტომ უნდა მოახერხოს კონტროლი, რათა მსხვილ მოთამაშეებს შორის არ შედგეს კარტელური გარიგებები, ამისთვის კი რეგულაციებია საჭირო, თუმცა, ასეთი ჩარევები კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს“, - განაცხადა არილაგამ.
არილაგამ ინტერვისუ დროს აღნიშნა, რომ ბაზარი ყველასათვის ღია უნდა იყოს, ინფორმაცია ხელმისაწვდომი. არ უნდა არსებობდეს ბარიერები და სახელმწიფოსგან პრივილეგირებული ბიზნესები. მომხმარებელს კი კანონი უნდა იცავდეს.
,,ამერიკაში კანონი ბიზნესის მხარეს იხრება, ევროპაში კი პირიქით, საქართველო უფრო ევროპული სტანდარტისკენ იხრება’ - აღნიშნა კომისარმა.
ცნობისთვის:16-17 ნოემბერს, საქართველოში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა , რომელშიც მონაწილეობას სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების გარდა, 20 ქვეყნის დელეგაციამ მიიღო.