საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, ,,აიტექნიკის“ საჩივრის საფუძველზე, ,,აიპლუსის“, ,,აისტაილისა“ და ,,ეფლ სითის“ მიერ საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქმის მოკვლევა დაიწყო. მიღებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზის შედეგად, დაადგინა, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ( კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევის ფაქტი არ იკვეთება. ასევე დადგინდა, რომ კანონის მე-113 მუხლთან მიმართებით, ,,აიპლუსის“ ქმედებების შეფასებისას, საქმეში განხილული რამდენიმე ეპიზოდიდან ერთ-ერთში, კერძოდ, ვებ-გვერდ - www.itechnics.ge-ის მართვის ნაწილში, სახეზე იყო ,,აიპლუსის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი, რომლის აღმოფხვრის მიზნით შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაცია გაიცა. მოკვლევის პერიოდში, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, როგორც ეკონომიკური აგენტებისგან, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან, სააგენტომ ყველა საჭირო ინფორმაცია გამოითხოვა, ასევე განხორციელდა მხარეებისგან ახსნა-განმარტებების მიღება.