შპს „დელფინის“ საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევას, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა არ დაიწყო. მომჩივანი კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევდა მერიის 3 ქმედებას: 1) ხელშეკრულების დადება შპს „BATTUN“-თან შპს „დელფინთან” შედარებით ოცჯერ ნაკლები საფასურით; 2) უმოქმედობა შპს „BATTUN“-ის უკანონო მშენებლობაზე და 3) ხელშეკრულების არშეწყვეტა შპს „BATTUN“-თან. საქმის მასალების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი ქმედება - ხელშეკრულების დადება შპს „BATTUN“-თან ოცჯერ ნაკლები საფასურით - ხანდაზმულია. რაც შეეხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მეორე და მესამე ქმედებებს - უმოქმედობა უკანონო მშენებლობაზე და ხელშეკრულების არშეწყვეტა, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ დღეის მდგომარეობით, ხსენებული ქმედებები სასამართლოს შესწავლის საგანია. ამდენად, მათი შეფასება სცილდება კონკურენციის სააგენტოს კომპენტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ შემთხვევაში - ხანდაზმულობისა და ორ შემთხვევაში - შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.