საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მიმდინარე
დასრულებული

პროექტები

USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტსა და კონკურენციის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის 25 მარტს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოსთვის - გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და ასევე, კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნის თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს.

 

მიმდინარე პროექტის მიზანია სააგენტომ, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ეფექტურად შეასრულოს თავისი გაფართოებული მანდატი და ორგანიზაციული საქმიანობა გააძლიეროს. კერძოდ, 2020 წლის 4 ნოემბერს ძალაში შევიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების ძირითადი ნაწილი, რომელიც სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, DCFTAის მოთხოვნებს და ასახულია ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებული ძირითადი პრინციპები. 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატმა. ასევე, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ანტიდემინგური კანონმდებლობა და სააგენტოში ფუნქციონირება დაიწყო შესაბამისმა დეპარტამენტმა.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის HICD–ის მხარდაჭერით, რომლის საქმიანობის მიზანია საქართველოში ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი ინსტიტუტების ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.

 

HICD–ის საქმიანობას ითვალისწინებს საკონსულტაციო კომპანია GEC-ი, რომელიც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის გრძელვადიანი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს. შესაბამისად, საკონსულტაციო კომპანია GEC-ი კონკურენციის სააგენტოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შემდეგი ძირითადი მიმართულებებით აწარმოებს მუშაობას:

 

• სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, კანონქვემდებარე აქტების და საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზი;

• სააგენტოს მისიის, მიზნებისა და ფუნქციების დამუშავება;

• შეხვედრა-სემინარების ჩატარება (პანდემიის ფაქტორის გათვალისწინებით, ძირითადად, ონლაინ რეჟიმში) სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების მეთოდოლოგიის შესახებ;

• ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეების კვლევა-ანალიზი;

• ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები სააგენტოს თანამშრომლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მათი პრიორიტეტების და მოლოდინების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

 

პროექტის განხორციელების მიზანი და შედეგი - 2020 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ფორმატში, დამუშავდეს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების 3 წლიანი გეგმა და სტრატეგიის განხორციელების 1 წლიანი სამოქმედი გეგმა. გაძლიერდეს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციური და გამართული მუშაობის ეფექტიანობა.

2019 წლის იანვარში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამას საქართველოს რეგიონებში კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების ეფექტური აღსრულების საკითხებზე თემატური ტრენინგების განხორციელებაში მხარდაჭერის თხოვნით. კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციით, ტრენინგების განხორციელების უზრუნველსაყოფად, პროცესში ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა სახის სატრენინგო და სასერტიფიკატო პროგრამების ორგანიზებას, აქვს გასვლითი ხასიათის ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება და ფლობს ISO 9001-2015 ხარისხის სერტიფიკატს.

 

ტრენინგების შინაარსი გულისხმობდა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათვის კონკურენციის კანონმდებლობისა და კონკურენციის სააგენტოს პრაქტიკის შესახებ კონკრეტული საკითხების გაცნობას და მას სააგენტოს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ტრენინგების ფარგლებში მიმოხილულ იქნა ზოგადად კონკურენციის მოქმედი კანონმდებლობა, კანონის მიზნები, შესაძლო დარღვევები, რეაგირების მექანიზმები, საქმის მოკვლების ზოგადი პროცედურები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე (მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში), აღნიშნული მიმართულებით კონკურენციის სააგენტოს აქტუალურ პრაქტიკასა და სასამართლო განმარტებებზე. მსმენელები ასევე გაეცნენ სახელმწიფო დახმარების შინაარსს, მის თავისებურებებს, კონკურენციის სააგენტოსადმი სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებულ სახელმწიფო დახმარების სახეებსა და მათი განხილვის პროცედურას.

 

ხსენებული ტრენინგ-კურსი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ინფორმირებას კონკურენციის კანონმდებლობის იმ მიმართულებების შესახებ, რომელიც აქტუალურია ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ვინაიდან კონკურენციის კანონმდებლობა სიახლეს წარმოადგენს ქართულ სამართლებრივ სივრცეში, საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ყველა სამიზნე ჯგუფისათვის ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდება. გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავად წარმოადგენენ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ადრესატს და შესაძლოა მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კანონის დარღვევა გამოიწვიოს, მეტად მნიშვნელოვანია მათთვის კანონმდებლობის მოთხოვნების გაცნობა და სააგენტოს იმ პრაქტიკის მიწოდება, რაც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევის ფაქტებს უკავშირდება. მსგავსი სახის ტრენინგები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკის სწორად დანერგვაში, საქმიანობის კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და სამომავლო დარღვევათა პრევენციაში. კანონმდებლობის მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა ასევე ემსახურება იმ კორუფციული რისკების შემცირებას, რაც შესაძლოა თან ახლდეს მსგავსი სახის გადაწყვეტილებების მიღებას.

 

თავდაპირველი შეთანხმების თანახმად, ტრენინგები უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ერთ ციკლად, საქართველოს 6 რეგიონში, თუმცა დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოჩენილმა ინტერესმა გამოკვეთა საქართველოს იმ რეგიონების ათვისების საჭიროებაც, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ტრენინგების პირველი ფაზის ფარგლებში.

 

პირველი ფაზის ფარგლებში, 2019 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, გაიმართა 14 ტრენინგი, რომელმაც მოიცვა საქართველოს 6 რეგიონი და ჯამში დაესწრო 420 მსმენელი. ტრენინგები გაიმართა თელავში, გორში, ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

 

მეორე ფაზის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბერი-ნოემბრის პერიოდში, გაიმართა 12 ტრენინგი, რომელმაც დამატებით მოიცვა საქართველოს 5 რეგიონი და დაესწრო ჯამში 360 მსმენელი. მეორე ეტაპზე ტრენინგები ჩატარდა ბათუმში (დაესწრნენ გურიის წარმომადგენლებიც), მესტიაში, ამბროლაურში, მცხეთასა და რუსთავში.

 

ტრენინგები მიმდინარეობდა მსმენელების აქტიური მონაწილეობის, კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში. საკითხის სიახლისა და აქტუალურობის გათვალისწინებით, მან დამსწრე აუდიტორიის დიდი ჩართულობა და დაინტერესება გამოიწვია, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მიღწეულია ტრენინგების განხორციელების მიზანი - ამაღლდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ცნობიერება, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევები.

 

ტრენინგების დასრულებისას დამსწრე პირებს გადაეცათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დაიწყო 2017 წლის იანვარში და სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტს ახორციელებდა კონსორციუმი B&S Europe-ის ხელმძღვანელობით და მის ძირითადი მიზანს წარმოადგენდა საქართველოში კონკურენციის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა.

 


პროექტი ემსახურებოდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებას, სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, არსებული კანონმდებლობის დახვეწას, კონკურენციის პოლიტიკისა და სააგენტოს როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

 


პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები, მათ შორის ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს (რომელიც ამავდროულად არის კონსორციუმის წევრი) წარმომადგენლები ინტენსიურად მუშაობდნენ, როგორც საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან, ასევე სხვა დაინტერესებულ უწყებებთან (სამინისტროები, დარგობრივი მარეგულირებლები, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებაში ჩართული საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები) საქართველოში კონკურენციის აღსრულების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

 

პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა
• კონკურენციის სააგენტოს სამართლებრივი, ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება;
• თანამშრომლობის გაძლიერება კონკურენციის სააგენტოსა და დარგობრივ მარეგულირებლებს შორის;
• კონკურენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დახვეწა
• პროექტის ექპერტებმა მოამზადეს საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის ხარვეზების ანალიზი, შეიმუშავეს რეკომენდაციები საკანონმდებლო ბაზის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად;
• მომზადდა რეკონმენდაციები კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერებისათვის;
• მომზადდა და გამოიცა კონკურენციის ტერმინოლოგიის ლექსიკონი და გზამკვლევები სხადასხვა საკითხზე;
• პროექტის მიერ მოწვეული ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული, საქართველოს კონკურენციის კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში განხორციელდა 2019 წლის ივნისში; პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მაღალი რანგის ექსპერტები და კანონმდებლობის გაუმჯობესების საკითხზე გამართეს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან.

 

კვალიფიკაციის ამაღლება
• საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა 35- ზე მეტ ტრენინგში კონკურენციის აღსრულების საკითხებზე.
• პროექტის ორგანიზებით განხორცილედა სხვადასხვა სტაჟირების პროგრამა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის ქვეყნების კონკურენციის ორგანოებში, რომელთა მეშვეობით სააგენტოს 10-მა თანამშრომელმა პროფესიული უნარები და გამოცდილება გაიღრმავა.
• სააგენტოს თანამშრომლებისთვის მომზადდა ინგლისური ენის სპეციალიზირებული კურსები.

 

საერთაშორისო თანამშრომლობა
• პროექტმა ხელი შეუწყო საქართველოს კონკურენციის სააგენტოს როლის გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას;
• პროექტის ფარგლებში განხორციელდა კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტები საქართველოში, რომელთაც შეხვედრები გამართეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან;
• პროექტის მხარდაჭერით საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურენციის სფეროში, მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში და გამართეს ორმხრივი შეხვედრები ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD), ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატი (DG Competition);
• პროექტის ფარგლებში განხორციელდა ორი სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში - კონკურენციის გენერალურ დირექტორატში. მეორე ვიზიტისას, ქართული დელეგაცია, გარდა კონკურენციის გენერალური დირექტორატისა, ეწვია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს. შეხვედრა ასევე გაიმართა DG NEAR-ის წარმომადგენელთან. პროექტის ორგანიზებით საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები ეწვივნენ ავსტრიის ფედერალური კონკურენციის ორგანოს. შეხვედრები გაიმართა კონკურენციის უწყების, ციფრულ და ეკონომიკურ საკითხთა სამინისტროს, ინტერნეტ ომბუდსმენის ოფისის, ევროპის მომხმარებელთა ცენტრის და წამყვანი კერძო იურიდიული კომპანიის (Cerha Hempel SpiegelfeldHlawat) წარმომადგენლებთან; ასევე, სასწავლო ვიზიტი გაიმართა პოლონეთში, სადაც ქართული დელეგაცია გაეცნო კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების თავისებურებების ევროპულ პრაქტიკას.
• პროექტის მხარდაჭერით ჩატარადა მეორე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები“, სადაც 30-მდე კონკურენციის ორგანოს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

 

თანამშრომლობა დარგობრივ მარეგულირებლებთან და სხვა სტრუქტურებთან
• პროექტმა ხელი შეუწყო თანამშრომლობის გაძლიერებას კონკურენციის სააგენტოსა და დარგობრივ მარეგულირებლებს, ასევე სხვა ინსტიტუტებს შორის. პროექტის მხარდაჭერით ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.
• პროექტის ფარგლებში ჩატარდა თემატური სემინარები დარგობრივი მარეგულირებლებისთვის და გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ექსპერტებთან.

 

კონკურენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება
• პროექტის ფარგლებში ჩატარდა 30-ზე მეტი ღონიძიება და თემატური სემინარი, რომლებიც ემსახურებოდა კონკურენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. სემინარებს ესწრებოდნენ, როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.
• პროექტის მხარდაჭერით ჩატარადა მეორე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენციის პოლიტიკა: მიმართულებები და გამოწვევები“, სადაც კონკურენციის ორგანოს და საერთაშორისო ორგანიზაციის 30-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა;
• პროექტის მხარდაჭერით ორი წლის განმავლობაში იმართებოდა კონკურენციის დღისადმი მიძღვნილი სემინარები;
• პროექტმა განახორციელა ტრენინგების ციკლი მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისთვის კონკურენციის სამართალში. პროექტის ორგანიზებით საქართველოს ეწვივნენ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც ჩაატარეს სემინარები მოსამართლეთათვის და იურისტებისთვის;
• პროექტმა ხელი შეუწყო სხვადასხვა პუბლიკაციის გამოცემას და კონკურენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სამიზნე აუდიტორიასა და ფართო საზოგადოებაში.

 

პროექტის შედეგები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, ვაჭრობის ზრდაზე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებაზე. შესაბამისად, პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების და DCFTA–ს დებულებების თანახმად.

 

https://corrot.github.io/EUCA/#/

2017 წელს, EBRD-ის დაფინანსებით, განხორციელდა პროექტი - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა და ადვოკატირება“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ორგანიზება ამერიკულმა კომპანიამ „IOS Parnters, Inc"-მა განახორციელა.პროექტის ფარგლებში, გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:

 

  1. გასვლითი 2 დღიანი სემინარი ჟურნალისტებისათვის - 2017 წლის 29-30 ივნისს გაიმართა. ღონისძიება კახეთში, კაჭრეთში ჩატარდა და მას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ძირითადი ტელევიზიებისა და ინტერნეტ-გამოცემების ეკონომიკური პროფილით მომუშავე 30-მდე ჟურნალისტი დაესწრო. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია და პასუხები მედიისათვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე, გაცნობოდნენ კონკურენციის სამართლის პრინციპებს, სააგენტოს თანამშრომლებთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად. ღონისძიების მიზანს მასმედიის წარმომადგენლებისათვის კონკურენციის თემატიკის გაცნობა, ცნობიერების ამაღლება და კონტაქტების დამყარება წარმოადგენდა.

  2. სემინარი თანამშრომლობის პროგრამის (Leniency) თემატიკაზე - 2017 წლის 22 სექტემბერს ჩატარდა, რომელსაც საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიების 40 წარმომადგენელი დაესწრო. მათ საშუალება ჰქონდათ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი (ფრანგი და ჩეხი) ექსპერტებისგან მიეღოთ ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის სიკეთეების შესახებ და გაცნობოდნენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, სხვადასხვა ქვეყნებში თანამშრომლობის პროგრამის ფუნქციონირების თაობაზე.
  3. პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია კონკურენციის სფეროში - კონფერენცია სახელწოდებით „კონკურენციის პოლიტიკა - თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ 2017 წლის 17-18 ნოემბერს გაიმართა და საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და პრაქტიკული რეალიზაციის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.
    კონფერენციის ფარგლებში, 17 ნოემბერს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადურმა, 6 ქვეყნის - ბელარუსის, ესტონეთის, ლატვიის, მოლდოვას, ჩეხეთისა და რუმინეთის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

 

ღონისძიებას 20-ზე მეტი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი (ავსტრია, ბელარუსი, თურქეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, მოლდოვა, ჩეხეთი, რუმინეთი, უკრაინა და ა.შ.) და ორასამდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის: ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მაღალი რანგის პირები.


კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე; საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე; ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ოპერაციული ხელმძღვანელი, ლორენცო ჩიარი; ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“, B&S Europe-ს დირექტორი, რაფაელ კომენჟი.

 

პლენარული სესიისა და 4 სამუშაო სექციის ფორმატში, მოხდა კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის საკითხებზე ნაშრომების წარმოდგენა და ანალიზი. ყურადღება გამახვილდა საქართველოში კონკურენციის კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის საკანონმდებლო ხარვეზების ნაწილზე, აღნიშნული ხარვეზების დაძლევის გზებსა და მომავალ საკანონმდებლო ინიციატივებზე.

 

კონფერენციის მეორე დღეს გაიმართა გასვლითი ღონისძიება კახეთში, სადაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ამერიკის ფედერალური ვაჭრობის კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა - ვილიამ კოვაჩიჩმა გააკეთა მოხსენება ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობისა და კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკის წარმართვის საკითხებზე.


კონფერენციის ორგანიზატორები, საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან ერთად, იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING“-ის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ 2022 წლის 1 ივნისს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს.

პროექტის მიზანია - ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების გაძლიერება, საქართველოში მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესა, დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის გაძლიერება. ასევე, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, GNCA-ს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერა.

2 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, იგეგმება სამუშაო შეხვედრები სასწავლო სემინარები, მრგვალი მაგიდები და ტრენინგები სააგენტოს თანამშრომლებისათვის და სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად იქნებიან ჩართულნი ბიზნეს ასოციაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, აკადემიური სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, მედიის წარმომადგენლები.

დადგენილი გეგმის შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი, ერთობლივ ფორმატში იმუშავებს კანონქვემდებარე დოკუმენტის დამუშავებაზე და სხვა სახელმძღვანელო მასალების შექმნაზე.

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ 2022 წლის 1 ივნისს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს.

პროექტის მიზანია - ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების გაძლიერება, საქართველოში მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესა, დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის გაძლიერება. ასევე, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, GNCA-ს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერა.

2 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, იგეგმება სამუშაო შეხვედრები სასწავლო სემინარები, მრგვალი მაგიდები და ტრენინგები სააგენტოს თანამშრომლებისათვის და სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად იქნებიან ჩართულნი ბიზნეს ასოციაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, აკადემიური სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, მედიის წარმომადგენლები.

დადგენილი გეგმის შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი, ერთობლივ ფორმატში იმუშავებს კანონქვემდებარე დოკუმენტის დამუშავებაზე და სხვა სახელმძღვანელო მასალების შექმნაზე.