საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

 

 

ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ისტორიაში 2025 წელი ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც წარმატებული. დაარსებიდან 12 წლის თავზე სააგენტომ მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა როგორც ქვეყნის შიდა ბაზრებზე გავლენის თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო აღიარებისა და ჩართულობის დონეზე. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს შესრულდება 30 წელი პირველი დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური უწყების შექმნიდან და კონკურენციის პოლიტიკის ფორმირებიდან. ვფიქრობ, მიმდინარე წელს, სხვადასხვა აქტივობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ ღირსშესანიშნავ საიუბილეო თარიღს და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში.

 

საერთაშორისო აღიარება

გამორჩეულად მსურს აღვნიშნო გასული წლის ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევა. პირველი - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საქართველოს სახელით მოიპოვა მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პრეზიდენტობა 2026–2027 წლებში, რაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მაჩვენებელია. აღნიშნული ორგანიზაცია აერთიანებს 90-ზე მეტ ქვეყანას და ეხმარება მათ საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარებაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში. ამ რანგის ფარგლებში საქართველო 2026 წლის სექტემბერში უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე.

მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა დაკავშირებულია მსოფლიო ბანკის აღიარებასთან. GCCA დაჯილდოვდა ფარმაცევტულ სფეროში მიღებული გადაწყვეტილებებისათვის, რომლის შედეგად განხორციელებულმა რეკომენდაციებმა შექმნეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მომხმარებელთა გარემოზე. აღნიშნული პროექტები საუკეთესოდ დასახელდა 40 ქვეყნის მიერ წარმოდგენილ პროექტებს შორის, ხოლო ჯილდო გადმოგვეცა ედინბურგში. დამატებით, სექტემბერში მსოფლიო ბანკისა და ICPEN-ის შეფასებით, GCCA-ის საკომუნიკაციო სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში გამოირჩეოდა მაღალი ეფექტურობით, რის შედეგადაც პროაქტიულმა ქმედებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომხმარებელთა გარემო.

 

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულება

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესში გასულ წელს ოთხი მოკვლევა დავასრულეთ. მათგან ორში გამოვლინდა მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესება, ხოლო ორ შემთხვევაში დარღვევები არ დადასტურდა, თუმცა გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა ფარმაცევტულ ბაზარს უკავშირდებოდა, სადაც მედიკამენტების საბითუმო მიმწოდებელი ოთხი კომპანიაში იქნა აღმოჩენილი დარღვევა. მოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შვიდი მედიკამენტი რეფერენტული ფასების შემოღებამდე მაღალი ფასნამატით იყიდებოდა: ჯამური ჭარბი ფასის მაჩვენებელი 150-200% შეადგენდა, ხოლო საბაჟოდან დახლამდე არსებული ფასნამატი 1000-3000%-ს აღწევდა. აღნიშნულ კომპანიებს ჯამურად 600 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების ფასში შედიოდა ისეთი არასაჭირო ხარჯები, როგორიცაა საჩუქრები, კონფერენციები, სასტუმროებში განთავსება, სამკაულები და ძვირადღირებული ავტომობილების ოპერირების ხარჯები. რეფერენტული ფასების შემოღებამ პრაქტიკულად გამორიცხა მსგავსი მანკიერი პრაქტიკის განმეორება მომავალში.

მეორე შემთხვევა რუსთავის ავტო-ბაზრობას შეეხებოდა. მოკვლევამ აჩვენა, რომ ავტო-იმპორტიორებისთვის ავტო-სადგომის საფასური ორჯერ და მეტად გაიზარდა, თუმცა თვითღირებულება არ შეცვლილა და მომსახურების ხარისხი არ გაუმჯობესებულა. აღნიშნული ფასი მიჩნეული იქნა ჭარბად და კომპანიას 900 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ. დარჩენილი ორი შემთხვევა ონლაინ პლატფორმებსა და ბათუმის თევზის ბაზარს შეეხებოდა, სადაც დარღვევები არ დადასტურდა.

 

სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგი

ჩვენი სააგენტო აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა დარგის მონიტორინგს, მათ შორის საწვავის, სწრაფი მოხმარების პროდუქციის (FMCG), პესტიციდებისა და აგროსასუქების, თამბაქოს, მოცვისა და თხილის ექსპორტის, ასევე სამედიცინო სერვისების სფეროებში. სააგენტო პერიოდულად აქვეყნებს შუალედურ ანგარიშებს, რომელთა საშუალებით შეფასებულია ბაზრებზე კონკურენციის ხარისხი და არსებული ტენდენციები.

მომავალი წლის განმავლობაში, კერძოდ 2026-ში, დასრულდება პესტიციდებისა/აგროქიმიკატებისა და სამედიცინო სერვისების ბაზრების სრული შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამისი რეკომენდაციები გადაეგზავნება პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებს. მონიტორინგის ძირითადი მიზანია მაღალი ფასნამატების გამოვლენა, ბაზრის კონცენტრაციის ანალიზი და მიმდინარე ტენდენციების შეფასება, რაც ხელს უწყობს სამართლიანი კონკურენციის დაცვას და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას.

 

კონცენტრაციების რეგულირება

2025 წელს, სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა და გადაამოწმა დაახლოებით 24 ათასამდე რეგისტრირებული ბიზნესის გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი კონცენტრაცია სამშენებლო და სამშენებლო მასალების სექტორში განხორციელდა, შემდეგ პოზიციებზე კი, საცალო ვაჭრობის და სამედიცინო/განათლების სექტორები არიან.

ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ საქართველოში განხორციელებულ ყველა კონცენტრაციას, რომლის შესახებ ინფორმაციას სამეწარმეო რეესტრიდან კვარტალურად ვიღებთ. შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტები ჯარიმდებიან. 2025 წელს 18 შემთხვევიდან, 9-ში დაფიქსირდა დარღვევა , რის შედეგად შესაბამისი სანქციები იქნა გამოყენებული.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულებას სააგენტო უკვე მესამე წელია აქტიურად ახორციელებს. 2025 წელს განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს მომხმარებელთა ცნობიერების მნიშვნელოვანი ზრდის ტრენდზე. მომართვიანობის ძირითადი მიმართულება ონლაინ ვაჭრობაა, ხოლო სექტორულ ჭრილში ყურადღების ცენტრში მოხვდა ტანსაცმლითა და ტექნიკით ვაჭრობა, ასევე გადაზიდვისა და სატრანსპორტო სერვისები. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, საშუალოდ, მოქალაქეები კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ჩართულობით დაახლოებით 1 მილიონ ლარს იბრუნებენ უკან.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც აქვს პრეტენზია მოვაჭრის მიმართ არასათანადო, დეფექტური, არასრულყოფილი ან დაზიანებული ნივთის/მომსახურების შეძენის გამო, შეუძლია მიმართოს სააგენტოს. სააგენტო, ერთი თვის ვადაში, ყოველგვარი ხარჯის გარეშე, განიხილავს საჩივარს. სააგენტო იღებს სამი ტიპის გადაწყვეტილებას: 1. აფიქსირებს მოვაჭრის დარღვევას; 2. არ აფიქსირებს დარღვევას; 3. ფორმდება პირობითი ხელშეკრულება მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის, რომლის შედეგადაც მოვაჭრე აღადგენს მომხმარებლის უფლებას და ასწორებს სავაჭრო პოლიტიკას, ხოლო საქმის წარმოება წყდება. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ პირობითი ვალდებულებების ხელშეკრულებები ფორმდება, თუმცა ბოლო წლებში დამრღვევთა რაოდენობა გაიზარდა. 2025 წელს ჯარიმების ოდენობამ 100 ათას ლარს გადააჭარბა.

 

ცნობიერების ამაღლება

GCCA აქტიურად ახორციელებს მიზნობრივ საინფორმაციო კამპანიებს სხვადასხვა სეგმენტში, რათა მომხმარებლებს მიეწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ. სააგენტო ორგანიზებას უწევს შეხვედრებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, მათ შორის სკოლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიზნესსა და სხვა პროფესიულ თუ საზოგადოებრივ წრეებში, მათ შორის შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში შემუშავებულია და მიღებულია სტანდარტები, რომლებიც ითვალისწინებს ქართულ ენაზე სერვისის მიწოდებას, ფასებისა და ფასდაკლებების გამჭვირვალე წარმოდგენას, მენიუებში ფასების მითითებას და სხვა აქტუალურ საკითხებს.

 

ანტიდემპინგური საქმიანობა

ანტიდემპინგის მიმართულებით სააგენტომ 2025 წელს ერთი საქმისწარმოება დაასრულა, რომელიც შეეხებოდა რუსეთიდან და ირანიდან არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტს. ადგილობრივი ინდუსტრიის წარმომადგენლები მიუთითებდნენ დემპინგურ ფასებზე, რაც უარყოფითად აისახებოდა მათ შემოსავლებზე და ფინანსურ მდგრადობაზე. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა დემპინგური ფასების სხვაობა. მიუხედავად ამისა, სააგენტოს მიერ ტარიფის შემოღებაზე რეკომენდაცია არ გაიცა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლის იანვრიდან უკვე ამოქმედებული იყო დამცავი ტარიფი არმატურისა და გლინულას იმპორტზე, რამაც უზრუნველყო სამართლიანი ფასების ფორმირება და ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის ეფექტიანი მექანიზმი.

 

საერთაშორისო თანამშრომლობა

ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მარეგულირებელ კომისიებთან თანამშრომლობით, 2025 წელსაც ტრადიციულად ვუმასპინძლეთ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების IV საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც 18 ქვეყნის 50-ზე მეტი საერთაშორისო მომხსენებელი დაესწრო. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში საერთაშორისო პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც აჯამებს წლის განმავლობაში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების სფეროში მიღწეულ შედეგებს და ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ბიზნესკონცენტრაციები, კონკურენცია ციფრულ ბაზრებზე, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში არსებული გამოწვევები, მომხმარებელთა უფლებების დაცვა ონლაინ ბაზრებზე და მარეგულირებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის ეფექტიანი ფორმები.

სააგენტოსთვის 2025 წელი გამორჩეული იყო საერთაშორისო ჩართულობის კუთხითაც. ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით ვუხელმძღვანელეთ ვაჭრობისა და განვითარების გაეროს კონფერენციის (UNCTAD) ფარგლებში გამართულ დისკუსიებს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე, ჟენევაში. ამასთან, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის გლობალურ ფორუმზე ვუხელმძღვანელეთ სპეციალურ პანელს და მონაწილეობა მივიღეთ წამყვან სესიაში, რომელიც ჯანდაცვის სექტორში კონკურენციის პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს ეძღვნებოდა.

 

გამოწვევები და სტრატეგიული მიმართულებები

მიუხედავად მნიშვნელოვანი მიღწევებისა, ვთვლით, რომ GCCA-ის წინაშე კვლავაც არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც შესაბამისი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მათ შორისაა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერება, სტრატეგიული ბაზრების სისტემური შეფასება და კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეკომენდაციების ეფექტიანი დანერგვა. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ციფრული პლატფორმებისა და ხელოვნური ინტელექტის პროექტების ინტეგრირებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი გზამკვლევების და მიდგომების განვითარებას, ასევე GCCA-ის გუნდის გაძლიერებასა და ადამიანურ რესურსებში მიზნობრივ ინვესტირებას.

სააგენტო 2026 წელსაც პროაქტიულ საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული, რათა უზრუნველყოს როგორც ჯანსაღი კონკურენციის დაცვა, ისე მომხმარებელთა უფლებების მაღალი სტანდარტების განმტკიცება. GCCA-ის მთავარი მიზანი რჩება უცვლელი - სამართლიანი ბაზარი, დაცული მომხმარებელი და ეკონომიკა, რომელიც მოქალაქეთა ინტერესებზეა ორიენტირებული.

 

მადლობა

დასასრულს, ტრადიციულად, განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო ყველას, ვინც GCCA-ის საქმიანობასა და მიღწევებში მონაწილეობდა. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი სააგენტოს გამორჩეულ გუნდს თავდადებული და პროფესიონალური შრომისთვის; მომხმარებლებსა და მოქალაქეებს - აქტიურობისა და ნდობისთვის; საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს - მხარდაჭერისა და თანმიმდევრული თანამშრომლობისთვის; სახელმწიფო უწყებებსა და კოლეგა მარეგულირებელ კომისიებს - ეფექტიანი პარტნიორობისთვის; ბიზნესს, აკადემიურ და საექსპერტო წრეებს - კონსტრუქციული ჩართულობისთვის; ხოლო მედიას - თანამშრომლობისა და საზოგადოების ინფორმირების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.