საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტატუსი და უფლებამოსილებები
კონკურენციის სააგენტო შექმნილია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
სააგენტო წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრემიერ მინისტრის და საზოგადოების წინაშე. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.
ჩვენი მიზანია
- ბაზარზე უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური აგენტების თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობები, გამოვლენილ და აღმოფხვრილ იქნას ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერები.
- დაცული იყოს ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი და მიღწეულ იქნეს კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა.
- უზრუნველყოფილი იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა.
სააგენტო უფლებამოსილია
- გამოავლინოს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
გამოავლინოს ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებები და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს მათზე შესაბამისი რეაგირება;
- შეაფასოს დაგეგმილი კონცენტრაციების კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობა და მიიღოს გადაწყვეტილება კონცენტრაციის დასაშვებობის ან დაუშვებლობის თაობაზე;
გამოავლინოს ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
- შეისწავლოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
- აკონტროლოს სახელმწიფო დახმარებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობა;
- განახორციელოს საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი, ბაზრებზე არსებული ვითარების შესასწავლად და კონკურენტული გარემოს შესაფასებლად;
- უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით;
- საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას მომხმარებლის უფლებები და კანონიერი ინტერესები, განახორციელოს დარღვევის პრევენცია და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობა, გამოავლინოს ფაქტები და სათანადო რეაგირება მოახდინოს.
სააგენტო საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის დამოუკიდებელი
სააგენტოს საქმიანობის პრინციპებია დამოუკიდებლობა, არადისკრიმინაციულობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მისი გადაწყვეტილება ყოველთვის საჯაროა.