კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, მონიტორინგის ფარგლებში, თხილის ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, შემდგომი დაკვირვების მიზანშეწონილობა არ არსებობს. სააგენტომ ბაზრის შესწავლა 2022 წელს ადგილობრივი ფერმერების მომართვის საფუძველზე დაიწყო.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის ფარგლებში შეფასდა ბაზრის სხვადასხვა დონე, კერძოდ იმპორტი, საბითუმო და საცალო. ანგარიშით გამოიკვეთა, რომ ბაზარი გამოირჩევა მოქმედი ეკონომიკური აგენტების სიმრავლით და კონცენტრაციის შეფასების - ჰერფინდალ ჰირშმანის დაბალი ინდექსით. შესაბამისად, სააგენტო მიიჩნევს რომ შესაბამის ბაზარი/ბაზრები კონკურენტულია და არ არსებობის მასზე შემდგომი დაკვირვების მიზანშეწონილობა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბანკო დაზღვევის - კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. სააგენტომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახილველად სავალდებულო 6 რეკომენდაცია გასცა. უწყების შეფასებით, 2020-2022 წლებში, საკრედიტო პროდუქტების ბაზარი მაღალ კონცენტრირებულია და ამასთანავე მას გააჩნდა სტაბილური ხასიათი, ისევე როგორც მსხვილ ეკონომიკურ აგენტებს შორის წილობრივ განაწილებას.
აღნიშნულ პერიოდში, საკრედიტო პროდუქტების მიწოდებას ახორციელებდა 15 კომერციული ბანკი. 10 კომერციული ბანკის შემთხვევაში საკრედიტო პროდუქტებთან ერთად ფიქსირდება სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებაც, მათ შორის 2 უმსხვილესი კომერციული ბანკის საერთო საბაზრო წილი განსახილველ პერიოდში იყო სტაბილურად მაღალი და ინდივიდუალურ დონეზე გააჩნდა სტაბილური პროცენტული მაჩვენებელი. ამასთან, 1 ეკონომიკური აგენტის შემთხვევაში საბაზრო წილი აღემატება 40%-ს და შესაბამისად სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ხოლო დამატებით 1 ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი გადის დომინანტური მდგომარეობის ზღვარზე.
სააგენტოს პოზიციით - კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების“ არსებობისას, შესაძლოა სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს პარლამენტის წევრის მომართვის საფუძველზე, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზრის წლიური მოცულობა მცირეა და 2 მილიონ ლარს არ აღემატება. შუშის ნარჩენების შეგროვების ბაზარზე, ბოლო პერიოდში, ახალი კომპანიის შესვლა ფიქსირდება, რის შედეგადაც გაიზარდა შეგროვებული ნარჩენის რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და ასევე იმ ფიზიკური/იურიდიული პირების რაოდენობაც, რომელთაგანაც ხორციელდება შუშის ნარჩენების შეგროვება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოიკვეთა.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. 2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც. მიღებული შედეგების შესაბამისად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რომელიც 2016 - 2020 წლებს მოიცავს. მონიტორინგის მიმდინარეობა დაყოფილია 2 ნაწილად: ზოგადი ეკონომიკური ანალიზი და კონკრეტული/შერჩეული მედიკამენტების ანალიზი. სააგენტოს ძირითადი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა მედიკამენტების საცალო ფასები და ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების გავლენის შეფასება საცალო ფასის ფორმირებაზე. მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გაიცა 13 რეკომენდაცია. მონიტორინგი დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების და საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრების მონიტორინგი განახორციელა, რომელიც მოიცავდა - 2018 წლის 10 დეკემბერს, პურის მწარმოებელი კომპანიების მიერ პურის სადისტრიბუციო/საბითუმო ფასის კონკრეტული ფაქტის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. მონიტორინგის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ფქვილის და ხორბლის ბაზრებზე, როგორც პურის ფასის ცვლილებაზე ზეგამვლენ ბაზრებზე და ა.შ. სააგენტოს პოზიციით, 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის კონკრეტული ფაქტი გონივრული და თავსებადი იყო ბაზარზე კონკურენტულ გარემოსთან და წარმოადგენდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.
კონკურენციის სააგენტომ განახორციელა ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც, სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, შესწავლილ იქნა 2015-2019 წლების პერიოდი და დადგინდა შესაბამისი ბაზრის თავსებადობა კონკურენტულ გარემოსთან.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი დაასრულა, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილისა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მომართვები. მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ შესაბამის ბაზარზე ადგილი არ აქვს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის სავარაუდო ფაქტს, ვინაიდან შესაბამის ბაზარზე არ არსებობს დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტი. ასევე, არ გამოიკვეთა კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტი. სააგენტოს მიერ გაიცა რეკომენდაცია - საცალო ბაზრის სუსტი მოთამაშეების ინტერსების დამცავი საკანონმდებლო ნორმის შემოღების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე. ასევე, გაცემულ იქნა რეკომენდაცია შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიმართაც.
კონკურენციის სააგენტომ განახორციელა ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, შესწავლილ იქნა 2014-2019 წლების პერიოდი და დადგინდა შესაბამისი ბაზრის (0-დან 6 თვემდე ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ნარევი) თავსებადობა კონკურენტულ გარემოსთან.