საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის აღსრულების ისტორია საქართველოში

საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელ ინსტიტუტებთან ერთად კონკურენციის/ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ფორმირების პროცესიც დაიწყო. კონკურენციის პოლიტიკის შექმნასა და შესაბამისი ორგანოს სტატუსისა და როლის განსაზღვრას საფუძველი 1992 წლიდან ჩაეყარა.

1992-1996 წ.წ. - აღნიშნულ პერიოდში მიღებულ იქნა - საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო საქმიანობის დემონოპოლიზაციის ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“ – საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 17 მარტის დადგენილება (№323), რომლის მთავარი დანიშნულება იყო - სახალხო მეურნეობის ცალკეულ დარგებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილ მონოპოლიურ ერთეულებს, პირველადი სამეურნეო ერთეულების ეკონომიკური თავისუფლებისა და ეკონომიკის დემონოპოლიზაციის პროცესისათვის ხელი არ შეეშალათ, რაც სავალდებულო ანტიმონოპოლიური ექსპერტიზის გავლას ითვალისწინებდა.

1992 წლის 16 ოქტომბერს, მიღებული იქნა - მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი, რითაც კონკურენციის განვითარების, მონოპოლიური საქმიანობის და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის თავიდან აცილების, შეზღუდვისა და აღკვეთის ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრა. გარდა ამისა დამტკიცდა - ,არაკეთილსინდისიერი რეკლამისაგან მომხმარებელთა დაცვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის მარტის ბრძანებულება (№60), რომლის საფუძველზეც, მეწარმეობის მხარდაჭერისა და კონკურენციის განვითარების, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფუნქციის აღსრულების პარალელურად, სარეკლამო საქმიანობის კონტროლის ფუნქციაც ეკონომიკის სამინისტროს დაეკისრა.

1996–2001 წლებში - მიღებულ იქნა შემდეგი ნორმატიული აქტები: 1) მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონი; მოგვიანებით (1998 წელი), საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა - საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან არსებული ანტიმონოპოლიური საბჭოს დებულება და შემადგენლობა; 2) ,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 1996 წლის კანონი და მისგან გამომდინარე ე.წ. ვაჭრობისა და მომსახურების 21 წესი. ასევე, შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებათაშორისო საბჭო, რომლის დებულება და შემადგენლობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ იქნა დამტკიცებული; 3) ,რეკლამის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის კანონი, შესაბამის ქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან ერთად და ა.შ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ ამ პერიოდში გაწეული საქმიანობა, საკმაოდ მაღალ დონეზე იქნა შეფასებული - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 1999 წლის ანგარიშში, რომელიც ეხებოდა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში კონკურენციის პოლიტიკის მიმდინარეობის საკითხებს.

2002-2005 წლებში, მიმდინარეობდა ქვეყანაში ერთიანი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის მექანიზმების დარგობრივ ჭრილში გადანაწილების პროცესი.

2005-2010 წლებში, საქართველოში მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის მარეგულირებელი ჩარჩო ნორმების და შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს - საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ლიკვიდაცია განხორციელდა და ახალი – ,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონის და შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნა.
სამწუხაროდ, აღნიშნული კანონი არ პასუხობდა და არ მიესადაგებოდა ამ მიმართულებით არსებულ მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას. ის არ მოიცავდა კონკურენციის ზოგადი დებულებების მნიშვნელოვან ნაწილს და მხოლოდ სახელმწიფო დახმარებებისა და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული თანხმობის გაცემის რეგულაციებს (თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოსთან შეთანხმების პროცედურებს) ადგენდა.

2010-2011 წლებში - ლიკვიდირებული იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო და მის ნაცვლად, საქართველოს მთავრობის ქუდქვეშ შეიქმნა, იმავე სახელწოდების საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, სსიპ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ამოცანად განისაზღვრა - კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა. სსიპ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული - კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია მიღებული იქნა - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 დეკემბრის N1551 განკარგულებით.

2012–2014 წლებში - კონკურენციის ჩარჩო კანონში (,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“) ცვლილებების შეტანის გარეშე (კონკურენციის ზოგადი პრინციპების მასში ასახვის გარეშე) მოხდა 2012 წლის 01 იანვრიდან სსიპ კონკურენციის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოების გაერთიანება (შერწყმა). მოგვიანებით, 2012 წლის 8 მაისს, მიღებული იქნა ახალი კანონი - ,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ - რითაც გაუქმდა ამავე სახელწოდების 2005 წლის 3 ივნისის კანონი. ახალი ჩარჩო საკონკურენციო სამართალი უკვე შეიცავდა კონკურენციის ამოსავალ პრინციპებს და მისი ცალკეული დებულებები მეტ-ნაკლებად ჰარმონიზებული იყო ევროკავშირის შესაბამის ნორმებთან. თუმცა, მთლიანობაში კანონი იყო ხარვეზიანი, რის გამოც ის ვერ უზრუნველყოფდა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების სრულყოფილად დაცვას. სწორედ ამიტომ, 2014 წელს მოხდა მოქმედ კონკურენციის ჩარჩო კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანა (კანონს სახელწოდებაც კი შეეცვლა და , თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის ნაცვლად ის უკვე იწოდება ,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონად) და ამ ცვლილებების ფარგლებში შეიქმნა, კანონის აღამასრულებელი - დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო.

2014 წლის 14 აპრილს, შეიქმნა საქართველოს კონკურენციის სააგენტო  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 288 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. უწყების ძირითად ამოცანას წარმოადგენს კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება საქართველოში, კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.

2020 წელს - საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პირობა, რომ მხარეებს უნდა გააჩნდეს ყოვლისმომცველი კონკურენციის კანონმდებლობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ანტიკონკურენციულ შეთანხმებებზე, შეთანხმებულ ქმედებებსა და დომინირებული საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების ერთპიროვნულ ანტიკონკურენციულ ქმედებაზე და რომელიც ითვალისწინებს შერწყმების ეფექტიან კონტროლს, თავისუფალი კონკურენციის მნიშვნელოვანი შეზღუდვისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით - დაედო საფუძვლად კონკურენციის სააგენტოში ევროკავშირის დახმარების პროექტის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშვებას და 2020 წლის 4 ნოემბერს ძალაში შევიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების ძირითადი ნაწილი, რომელიც სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, DCFTAის მოთხოვნებს და ასახულია ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებული ძირითადი პრინციპები.

2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატმა. 

2021 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ანტიდემინგური კანონმდებლობა და სააგენტოში ფუნქციონირება დაიწყო შესაბამისმა დეპარტამენტმა.

2022 წლის 29 მარტს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ამავე წლის 1 ივნისს, კანონი შევიდა ძალაში, ხოლო, 2022 წლის 1 ნოემბერს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ აღსრულების პროცესი დაიწყო.

მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია - საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დარღვევის პრევენცია და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობა, ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.

 

2024 წლის 1 იავრიდან, კონკურენციის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც -  გაძლიერდა  კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, დაზუსტდა ტექნიკური დეტალები/ტერმინები და უწყების სახელწოდება შეიცვალა შემდეგნაირად - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.

 


კონკურენციის ორგანოს ხელმძღვანელი პირები

ირაკლი ლექვინაძე - საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე (2019 წლის 27 ნოემბრიდან - დღემდე)

დავით ჭიჭინაძე - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე მ.შ. (2019 წლის სექტემბერი - 2019 წლის ნოემბერი)

ნოდარ ხადური - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე (2016 წლის დეკემბერი - 2019 წლის სექტემბერი)

გიორგი ბარაბაძე - სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე (2014 წლის აპრილი - 2016 წლის ნოემბერი)

ლევან რაზმაძე - სსიპ კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე (2013 წლის დეკემბერი - 2014 წლის მარტი)

ტატო ურჯუმელაშვილი - სსიპ კონკურენციის შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე (2012 წლის იანვრი - 2013 წლის ნოემბერი)

ლაშა მგელაძე - სსიპ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე (2010 წლის მაისი - 2011 წლის დეკემბერი)

გიორგი წერეთელი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე (2005 წლის აგვისტო - 2010 წლის აპრილი)

ემზარ ჯგერენაია - საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი მ.შ. (2004 წლის სექტემბერი - 2005 წლის ივლისი)

ილია ზაქარიაძე - საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი მ.შ. (2004 წლის მარტი - აგვისტო)

სანდრო რატიშვილი - საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი (2003 წლის დეკემბერი- 2004 წლის თებერვალი)

არმაზ თავაძე - საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი (2001 წლის ნოემბერი - 2003 წლის ნოემბერი)

სლავა ფეტელავა - საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი მ.შ. (2001 წლის აგვისტო - ოქტომბერი)

გენადი მალაზონია - საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი (2001 წლის მაისი - ივლისი)

გიორგი ისაკაძე - საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი (2000 წლის აგვისტო - 2001 წლის აპრილი)

ვაჟა მაისურაძე - საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი (1996 წლის იანვარი - 2000 წლის ივლისი)
 - საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მთავარი სამმართველოს უფროსი ( 1995 წლის მარტი - 1996 წლის დეკემბერი)
 - საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კონკურენციის განვითარების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი (1993 წლის ივნისი - 1995 წლის თებერვალი)

მამუკა ლობჟანიძე - საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კონკურენციის განვითარების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი ( 1992 წლის მარტი - 1993 წლის მაისი)