შპს „დუთი ფრი ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი სს „თბილისის თამბაქოს“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხესა და მომჩივანის კონკურენტ კომპანიას შორის პროდუქციის მიწოდების თაობაზე ექსკლუზიური ხელშეკრულების გაფორმებაში. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა სს „თბილისის თამბაქოს“ მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ტერიტორიაზე ეკონომიკურ აგენტთა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობის ქვეყნის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მხრიდან კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი.
შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხის მიერ კომბინირებული ტარიფის დაწესებაში (რომელშიც ფაქტიურად არ იყო ასახული საექსპედიციო მომსახურების ტარიფი). მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალის“ მხრიდან დარღვევის ფაქტი.
საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალაგრომ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება აზერბაიჯანული კომპანია „კარატ ჰოლდინგის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა ჰოლდინგის მიერ ბაზარზე არასამართლიანი ფასით ოპერირებაში. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მოპასუხის მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი.
სს „ჯანმრთელობამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება სს „ბალნეოსერვისის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა კონკურენტი კომპანიისთვის წყლის გადაცემაზე უარის თქმაში. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების ბაზარზე სს „ბალნეოსერვისის“ მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი.