საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის სექტორში მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) დარღვევა დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს დაეკისრა ჯარიმა 14 600 ლარზე მეტი ოდენობით. მოკვლევის ფარგლებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს „სანტრეიდის“ მიერ კონკურენტის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის მსგავსი/თითქმის იდენტური იერსახის გამოყენება საკუთარი პროდუქტის შეფუთვაზე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე მხარეს დაევალა მის მიერ განხოციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, საკუთარი პროდუქტის (საკვები სოდის) შეფუთვის იმგვარი ცვლილება, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსება კონკურენტი კომპანიის გარეგნულ იერსახესთან და მომხმარებლის მხრიდან ამ ორი კომპანიის აღრევის რისკი.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის ნოემბერს, შპს ,,წერეთლის მექსიკურის“ 2023 წლის 7 მარტის საჩივრის საფუძველზე განხორციელებული საქმის მოკვლევა დაასრულა,რომლის შედეგადაც დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის დარღვევა შპს ,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და შპს ,,მექსიკური წერეთელზე N1“-ს მხრიდან. ხსენებულ კომპანიებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,MGL GEORGIA“-ს საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა - შპს ,,ჯნს ჯორჯიას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და 113 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს. მოკვლევის ფარგლებში მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის შესაბამისად, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,ეი. სი. ეი“-ს საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხებოდა - ტურისტული მომსახურების სფეროში მოქმედი შპს ,,ბი ეს თი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,ბი ეს თი“-ს მხრიდან მომჩივანის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენებას ჰქონდა ადგილი. სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხსენებულ კომპანიას დაეკისრა შესაბამისი ფინანსური სანქცია და დაევალა კანონდარღვევის აღმოფხვრა.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა - სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი 5 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს. მოკვლევის შედეგად დადასტურდა 2 მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის დარღვევა, რაც საქმიან და კომერციულ ურთიერთობებში ISO 9001:2015 სერტიფიკატისა და IQNET-ის შესაბამისი ლოგოს უკანონო გამოყენებაში გამოიხატებოდა. შესაბამისად, კომპანიებს შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ალგორითმის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც შპს „ალგორითმის" მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს ეხებოდა დაასრულა. მოკვლევის შედეგად დადგინდა "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11(3) მუხლის დარღვევის ფაქტი. კერძდო, პროდუქციის ისეთი ფორმით პრეზენტირება/რეკლამირება, რაც შეცდომაში შემყვანია და არასწორ წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე შპს „ალგორითმს" დაევალა - კომპანიის სარეკლამო პოლიტიკა აწარმოოს იმგვარად, რომ თავიდან იქნას აცილებული მისი და მომჩივანი კომპანიის აღრევისა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,Free spirit tours“-ის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა - შპს ,,სფინქს თრეველის“ მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ან სავაჭრო ინფორმაციის ან კომერციული საიდუმლოების მისი მფლობელის თანხმობის გარეშე მიღება, მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა შპს ,,სფინქს თრეველის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11(3) დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხებოდა - სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ბათუმის რეგიონალური წარმომადგენლის მხრიდან კონკურენტი კომპანიის რეპუტაციის შემლახავ საქმიანობას. შესაბამისად, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ დაევალა - დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გავრცელებული ცნობების უარყოფა შპს ,,Caucasian Metals Terminal“-ისათვის ოფიციალური წერილის გაგზავნის გზით და აღნიშნული ქმედების თაობაზე ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიაწოდოს სს „სადაზღვევო კომპანია უნისონს“ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,ჯი-თი მოტორსის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა და ,,ჯ.თ. მოტორსის“ მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11(3) მუხლის დარღვევა დაადგინა. საკითხი ეხებოდა - მოპასუხე კომპანიის მხრიდან განხორციელებულ სარეკლამო აქტივობებს, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოკვლევის მიმდინარეობის პროცესში, შპს ,,ჯ.თ. მოტორსის“ მიერ აღმოფხვრილ იქნა კონკურენციის კანონდარღვევის ფაქტი. კერძოდ, ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ყველა სადავო სარეკლამო რგოლი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კონკურენციის კანონმდებლობასთან.
შპს „დაზგამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შპს „სოლვეის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა შპს „სოლვეის“ მიერ მომჩივანი კომპანიის ვებ-გვერდის (dazga.ge) ანალოგიური სახელწოდების ვებ-გვერდის ქართული „გე დომენის“ (დაზგა.გე) გამოყენებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში. სააგენტომ დაადგინა შპს „სოლვეის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი და კომპანიას დარღვევის ფაქტის აღმოფხვრა დაავალა.