შპს „დიზაინ ჰაუსმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შპს „დნას“ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე - შპს „დიზაინ ჰაუსის“ რეპუტაციისა და ინტერესის შემლახველი ცნობების გავრცელებაში. შპს „დნას“ დაუდგინდა დარღვევა და დაევალა - სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდიდან იმ პოსტების წაშლა, რომელიც მომხმარებელს შპს „დიზაინ ჰაუსის“ შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.
შპს „აიტექნიკმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შპს „აიპლუსის“ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტზე. მოკვლევის შედეგად, საქმეში განხილული რამდენიმე ეპიზოდიდან ერთ-ერთში, კერძოდ, ვებ- გვერდ - www.itechnics.ge-ის მართვის ნაწილში, დადგინდა შპს ,,აიპლუსის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი და კომპანიას დაევალა დარღვევის აღმოფხვრა.
„ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შპს „სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის“ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა Facebook-ის გვერდზე კვლევითი ინსტიტუტის შესახებ რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებაში, თანამშრომლების მოსყიდვაში და ა.შ. მოკვლევის შედეგად, სააგენტომ დაადგინა დარღვევა და მოპასუხეს დარღვევის აღმოფხვრა დაავალა.