კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ასპ-გრუპის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო. საკითხი შეეხებოდა - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს. დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს, არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი, რის გამოც სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „დეკორაციების და ქანდაკების სახლის“ საჩივარი ქალაქ თბილისის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაუშვებლად ცნო. კერძოდ, დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე დადგინდა, რომ მხარეებს შორის დავის გადაწყვეტასა და განხილვაში უფლებამოსილი ორგანო სააგენტო ვერ იქნება, ვინაიდან დავის შინაარსს წარმოადგენს ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების კონკრეტული ნორმების შესრულების საკითხი და არა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც მეწარმე სუბიექტებს შორის გაუმართლებლად ზღუდავს კონკურენციას, შესაბამისად, სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარი განაცხადა.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სს „შკოდა ტრანსპორტეიშენის“ და სს „შკოდა ვაგონკას“ საჩივარი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო. კერძოდ, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე“ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება, ვინაიდან კომპანია არ წარმოადგენს ამ მუხლით განსაზღვრულ სუბიექტს. ასევე, კონკრეტული შესყიდვის პროცესში განხორციელებული სავარაუდო პროცედურული დარღვევის საკითხის შეფასება არ წარმოადგენს სააგენტოს კომპეტენციას. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველის არ არსებობის გამო, აღნიშნული საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „აუდიტ-ეკონომიქსის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს. შესაბამისად, სააგენტომ საქმის მოკვლევა არ დაიწყო.
შპს „ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფმა“, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, თბილისის 10 რაიონის გამგეობის მიერ უფასო სასადილოებით მომსახურებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება წარმოადგინა. განმცხადებლის პოზიციით, გამგეობების მხრიდან, ადგილი ჰქონდა სატენდერო მოთხოვნებში დისკრიმინაციული და კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული მოთხოვნების დაწესებას. ვინაიდან, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, არ დაკმაყოფილდა სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვის სტანდარტი, სააგენტომ აღნიშნული განცხადება ცნო დაუშვებლად.
შპს „მბმ“-მ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოიტანა საჩივარი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ კონკურენციის შესაძლო დარღვევის, ხოლო თევზჭერის ბაზარზე მოქმედი 4 კომპანიის მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, რაც მომჩივანის პოზიციით გამოიხატებოდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ ბრძანებაში ცვლილების შეტანაში, რომლის შედეგად გაიზარდა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების ხვედრითი წილი ლიცენზიის ფლობის ნაწილში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე არ დაკმაყოფილდა გონივრული ეჭვის სტანდარტი.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „დეკორაციების და ქანდაკების სახლმა“ შემოიტანა საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რაც მომჩივანის პოზიციით გამოიხატებოდა მოპასუხის მიერ, 2019 წლის 20 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოს შესრულებისთვის არასამართლიანი ვადის განსაზღვრაში. საქმის მასალების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სადავოდ გამხდარი ქმედება იყო სასამართლოს შესწავლის საგანი. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „დელფინმა“ წარმოადგინა საჩივარი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა ეკონომიკური აგენტისთვის ისეთი შეღავათის დაწესებაში, რაც მას კონკურენტებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან საჩივარში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობდა დავა.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ წარმოადგინა საჩივარი შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე. მომჩივანის პოზიციით, აღნიშნული გამოიხატებოდა სახელმწიფო შესყიდვებში კონკრეტული ეკონომიკური აგენტებისათვის უპირატესობის მინიჭებასა და მომჩივანი კომპანიის შეზღუდვაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე არ დაკმაყოფილდა გონივრული ეჭვის სტანდარტი სავარაუდო დარღვევის თაობაზე.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ წარმოადგინა განცხადება სს „საქართველოს ფოსტისა“ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე. მომჩივანის პოზიციით, აღნიშნული გამოიხატებოდა სახელმწიფო ტენდერებში პრედენდენტების მიმართ დისკრიმინაციული მოთხოვნების დაწესებაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, ვინაიდან დასახელებული კომპანიები არ წარმოადგენდნენ მე-10 მუხლის სუბიექტებს და შესაბამისად, სახეზე არ იყო რელევანტური მოპასუხე.