საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) მსოფლიო ბანკის სპეციალური ჯილდოს მფლობელია. კონკურენციის კანონმდებლობა 75%-ით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა კი 85%-ით თანხვედრაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებებით კი კიდევ უფრო ახლოს მივედით მომხმარებელთან. ვფიქრობ, ეს ის მიღწევებია, რომლითაც შეიძლება გამოვარჩიოთ 2024 წელი და ვთქვათ რომ არსებობის 10 წლის თავზე GCCA-ს განვითარებაში კიდევ ერთი წარმატებული წელია.
მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე საქართველომ შეძლო მშვიდობის, ბიზნესის განვითარებისთვის, ინვესტირებისთვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შენარჩუნება, მსხვილი ინფრასტრუქტურული/საინვესტიციო პროექტების შეუფერხებლად გაგრძელება და ახლის დაანონსება, ექსპორტის და ტურისტული ნაკადების გაზრდა.
ეს პროცესი ყველაზე მეტად კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების ნაწილზე კონცენტრაციების - იგივე ბიზნესის გამსხვილების კუთხით აისახა. 2024 წელს, GCCA-ს მიერ 18 თანხმობა იქნა გაცემული. მათ შორის, 2 სპეციალური ვალდებულებებით. ეს თითქმის კონცენტრაციების იგივე რაოდენობაა, რაც 2020-2023 წელს ერთად აღებული. მიზეზი ორია - ეფექტური მონიტორინგი და საქართველოში ბიზნეს სექტორის დინამიური განვითარება. ყველაზე მეტი გამსხვილება FMCG, მშენებლობა/სამშენებლო მასალების და წარმოების სექტორში განხორციელდა. მათ შორის, აღსანიშნავია ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ლუდის მწარმოებელი კომპანიის ინვესტიცია, რომელიც $100 მლნ. იქნა განსაზღვრული.
მოკვლევების კუთხით 2 ქეისი დასრულდა. მათ შორის, ერთში იქნა დადგენილი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი და მეორეში გაიცა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ონლაინ სერვისების ბაზარზე კონკურენციული გარემოს გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარე რეჟიმში რჩება ფარმაცევტული, ავტოსადგომების, თევზის და ონლაინ სერვისების ბაზარზე 4 მოკვლევა. ვფიქრობ, 2025 წელს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები იქნება გაცემული.
დასრულდა აგროპროდუქტების - თხილის და ლურჯი მოცვის საექსპორტო ბაზრების მონიტორინგი. GCCA-ს შეფასებით ბაზრები დინამიურია, საკმარისი რაოდენობის ექსპორტიორი კომპანია ოპერირებს და კონკურენციაც აქტიურია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გრძელდება - FMCG, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრების მონიტორინგი. ამ ბაზრების დინამიური განვითარების და შედარებით მაღალი კონცენტრირების ფონზე შეფასებები და გამოწვევებიდან გამომდინარე რეკომენდაციები მნიშვნელოვანია. შესაბამისად, GCCA ამ კუთხით პროაქტიულ ქმედებას გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ეფექტურ ჩარევას.
ვფიქრობ, ეფექტური იყო GCCA-ის მოქმედება აზერბაიჯანიდან სიგარეტის შესაძლო დემპინგური იმპორტის თემაზე, სადაც ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის, მათი სამართლიანი მოთხოვნით იმპორტიორებმა უზრუნველყვეს კონკურენტული ფასების ფორმირება, შესაბამისად, შესწავლა მორიგებით დასრულდა. დაწყებული იქნა რუსეთიდან და ირანიდან ფოლადის პროდუქციის შესაძლო იმპორტის საქმე, რომელიც მიმდინარეობს და რეკომენდაციები, დიდი ალბათობით, 2025 წელს გახდება ცნობილი.
მომხმარებლების დაცვის კუთხით მომართვიანობა თითქმის გაორმაგებულია, რაც მომხმარებლების უფრო მეტ ინფორმირებულობაზე მიუთითებს. უმრავლესობა პრეტენზია ონლაინ ვაჭრობის დროს ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვაზე მოდის, შემდეგ მოდის გადაზიდვების/მიტანის და სარესტორნო სერვისების მიმართულებები. GCCA-ს მიერ მიღებული იქნა 10 სამოქმედო სტანდარტი. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლების დაცვის კუთხით არის - ფასდაკლებების, დეტალური ინფორმირების, კვების მენიუში ფასის მითითების, ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების საკითხები.
2024 წელს, საქართველოს მთავრობამ 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივი ეროვნული სტრატეგია მომხმარებლის უფლების შესახებ მოიწონა, რომლის ფარგლებშიც, 2025-2027 წლებში, არაერთი ღონისძიება, აქტივობა და აღსრულების სრულყოფისკენ მიმართული ნაბიჯი გადაიდგმება. მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის აღსრულების დაწყებიდან 2 წლისთავზე, მსოფლიო ბანკის (World Bank Group) მიერ, GCCA-ს ერთ-ერთი ქეისი საუკეთესოდ იქნა მიჩნეული 40 ქვეყანას შორის და შესაბამისი პრიზიც იქნა მოპოვებული, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიღწევაა და საამაყოა.
აქტიურ რეჟიმში მუშაობს სასწავლო კვლევითი ცენტრი, როგორც GCCA-ს თანამშრომელთა კვალიფიკაციის გაზრდის, ასევე საზოგადოებაში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ მიზნით, 2025 წელს, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, 50-ზე მეტ სკოლას ვეწვევით და უფროსკლასელებს მთავარ პრინციპებს გავაცნობთ.
ჩვენს კოლეგა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად მაღალ დონეზე იქნა ჩატარებული მესამე საერთაშორისო კონფერენცია და მომხმარებელთა კვირეული. ტრადიციულად, GCCA აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში და შეხვედრებში UNCTAD-ის, ICN-ის, ICPEN-ის, OECDის პლატფორმებზე.
ვფიქრობ, 2025 წლის მთავარ პრიორიტეტი ჩვენით დაინტერესებულ მხარეებში ნდობის გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება, საერთაშორისო პლატფორმებზე მიღწევების წარმოჩენა, კანონმდებლობის და აღსრულების გაუმჯობესება, ციფრული სერვისების და ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იქნება.
გამოწვევებზე პასუხი და შედეგები GCCA-ს ბრწყინვალე გუნდის გარეშე წარმოუდგენელია, შესაბამისად, მათ მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა. მადლობა ასევე ყველას, ვინც GCCA-ს მიღწევებში იღებდა მონაწილეობას - მომხმარებლებს და მოქალაქეებს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესს, აკადემიურ და საექსპერტო წრეების, მედიის წარმომადგენლებს აქტიური ჩართულობისთვის.
ირაკლი ლექვინაძე
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე