საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

 

 

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა! ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვა ჩვენს ისტორიულ მიზანთან. ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 10 წლიანი საიუბილეო თარიღით და  სიახლეებით ხვდება.

 

სახელწოდებაში მომხმარებლის უფლების ნაწილის დამატება უფრო ზუსტად ასახავს სააგენტოს მისიას და მის ძირითად ამოცანებს. შიდა რეფორმის ფარგლებში შეცვლილი ორგანიზაციული სტრუქტურა კი უფრო მოქნილი გახდა ახალ ფუნქციებთან და სტატუსთან მიმართებაში. 

 

გაზრდილია მომართვიანობა, გადაწყვეტილებებში ასახულია გაძლიერებული კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების შედეგები. სრული წელი გავიდა მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით,  პირველი შედეგიანი ქეისი შედგა დემპინგის მიმართულებით, გაზრდილია რეპუტაციული ხაზი შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც ამყარებს უკვე ტრადიციული საერთაშორისო მასშტაბის კონფერენცია და მასში მონაწილე მაღალი დონის სპიკერები.

 

გასულ წელს, თბილისში კონფერენციის მიმდინარეობისას, კონკურენციის პოლიტიკის შეფასებისას, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, კონკურენციის სფეროში აღიარებულმა მეცნიერმა უილიამ კოვაჩიჩმა  აღნიშნა, რომ საშუალოდ 25 წელია საჭირო კონკურენციის უწყებების ეფექტურობის შეფასებისთვის, თუ რა სარგებელი მოუტანეს მათი საქმიანობით (კონკურენციის მხარდაჭერით) მომხმარებელს და ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა საქართველოში განვითარების დინამიკა შთამბეჭდავია.

 

საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2014 წელს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შეიქმნა და ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. განვლილ 10 წლიან პერიოდში, უწყებამ განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. 2020-2023 წლებში, მოხდა კონკურენციის კანონმდებლობის გაუმჯობესება, ანტიდემპინგური და მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების დამატება.  განვითარების პროცესი გრძელდება! ევროპელი კოლეგების დახმარებით ინერგება შიდასაკანონმდებლო, მარეგულირებელი და სამოქმედო დოკუმენტები.

 

2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, გამორჩეული იყო 3 შეთანხმებული ქმედების (კარტელი) თემა  - საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე. სამივე საქმეში დარღვევა იქნა დადგენილი. მოკვლევის 2 საქმეში სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მიმართ რეკომენდაციები გაიცა, ერთ საქმეში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დადასტურდა, ერთ საქმეში კი დომინანტობის ბოროტად გამოყენება არ იქნა დადგენილი.

 

გასული წლის მონიტორინგებიდან გამორჩეული იყო საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზრის შეფასება, სადაც სააგენტოს შეფასებით კონკურენციის შეზღუდვის გარკვეული რისკები იქნა დანახული. შესაბამისად, მარეგულირებლის მიმართ 6 რეკომენდაციაც გაიცა, რადგან ბაზარი უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდეს.

 

სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით სააგენტო მიმდინარე რეჟიმში აქტიურად ახორციელებს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგს საწვავის, მედიკამენტების, სასურსათო პროდუქციის მიმართულებით, რომ ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკი იქნას გამოვლენილი.

 

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიების კონცენტრაციების ეფექტური კონტროლი. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების საფუძველზე კვარტალურად მოწმდება განხორციელებული კონცენტრაციები და შეუტყობინებლობის შემთხვევაში  შესაბამისი წარმოება იწყება. 2023 წელს 9 კონცენტრაციაზე  გავეცით თანხმობა.

 

პირველი ქეისი შედგა დემპინგის მიმართულებით, შესწავლის დაწყების შემდეგ იმპორტიორმა ფასების კორექტირება უზრუნველყო, რაც ადგილობრივი ინდუსტრიის მხრიდან სამართლიანად ჩაითვალა და შესწავლაც შეწყდა. კანონმდებლობამ პირველი ტესტი საკმაოდ კარგად გაიარა. ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია კონსულტაციები რამდენიმე ადგილობრივ ინდუსტრიებთან, რომ შეფასებული იქნას დემპინგის რისკები და მისი გავლენა შიდა ბაზარზე.

აქტიური და შედეგიანია მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით საქმიანობა, მომხმარებელი გრძნობს, რომ მოვაჭრესთან მიმართებაში მარტო არ არის და დარღვევის შემთხვევაში მოგვმართავს. მომართვების უმრავლესობა შეთანხმებით სრულდება, რაც ნიშნავს რომ მომხმარებელი იბრუნებს თანხას, ცვლის ნივთს, საჭიროების შემთხვევაში ხდება შეკეთება ან დაკომპენსირდება, მოვაჭრე კი ასწორებს საკუთარ პოლიტიკას ისე, რომ მომავალში დარღვევის რისკი ნაკლები იყოს. 2023 წელს მომხმარებლებმა სააგენტოს აქტიური ჩართულობით 500 000 ლარამდე პირდაპირი სარგებელი მიიღეს, ასევე მომხმარებლის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით დადგინდა რამდენიმე სამოქმედო სტანდარტი მოვაჭრეებისთვის, მათ შორის სწორად ინფორმირების, ქართულ ენაზე სერვის მიწოდების, ფასის სწორად მითითების, SMS რეკლამირების და ა.შ.

 

ძლიერდება საერთაშორისო თანამშრომლობა, ამის დასტურია უკვე ტრადიციულად ქცეული საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, მომხმარებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, ჩართულობა OECD, UNCTAD, ICN-ის ყოველწლიურ საერთაშორისო პლატფორმებში, სადაც ხდება მიღებული შედეგების პრეზენტირება და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. საქართველო წელს გახდა მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო ქსელის ICPEN-ის პარტნიორი, რომელშიც მსოფლიოს 80-ზე მეტი საუკეთესო გამოცდილების ქვეყანაა წარმოდგენილი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს სრულფასოვანი წევრობა იქნება მიღწეული.

 

გასულ წელს, შეიქმნა სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრი, რომლის მთავარი მიზანია სააგენტოს გუნდის კვალიფიკაციაზე უწყვეტი მუშაობა, ასევე კონკურენციის და მომხმარებლების უფლებების შესახებ საზოგადოების სხვადასხვა წევრების ცნობიერების ამაღლება. აკადემიურ სექტორთან თანამშრომლობით დაგეგმილია სხვადასხვა სასწავლო მოდულების შექმნაც.

 

გრძელდება ევროკავშირის მხარდაჭერილი TWINNING-ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ლიეტუველ და ავსტრიელ კოლეგებთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია. აშშ-ს განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერით განხორციელდა საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, ადამიანური რესურსების მართვის, ფუნქციური ანალიზის და მართვის ეფექტურობის პროექტები.

 

ტრადიციული მადლობა მინდა ვუთხრა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გუნდს გაწეული შრომისთვის, საქართველოს მთავრობას, ეკონომიკურ საბჭოს, საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისთვის. ჩვენს კოლეგა მარეგულირებელ უწყებებს, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს, სფეროს ექსპერტებს, მასმედიას, საერთაშორისო პარტნიორ უწყებებს და დონორ ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობისთვის.

 

 

ირაკლი ლექვინაძე
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე