კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალაგროს“ წევრების საბაზრო ქცევის შესაფასებლად. მოკვლევის საგანს წარმოადგენდა - ჰქონდა თუ არა ადგილი ასოციაციის წევრებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „გლობალაგროს“ წევრების მხრიდან კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობის ფაქტი.
ააიპ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადობამ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება, რომელიც შეეხებოდა საავტომობილო გაზის რეალიზატორ კომპანიებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობას. განმცხადებლის პოზიციით, დარღვევა გამოიხატებოდა კომპანიების მხრიდან საავტომობილო გაზის საცალო ფასის შეთანხმებულად დადგენაში. მოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა საავტომობილო გაზის ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის ფაქტი.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქართველოს ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზრის (ბენზინი დიზელი, ნავთი) მოკვლევა. აღნიშნული მოკვლევიდან ცალკე გამოიყო საავიაციო ნავთის, როგორც დამოუკიდებელი სასაქონლო ბაზრის მოკვლევა. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა საქართველოს საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობის ფაქტი.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქართველოს ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზრის მოკვლევა. მოკვლევის შედეგად დადგინდა ნავთობკომპანიების მიერ კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობა, რაც გამოიხატებოდა ფასების ფიქსაციაში, ბაზრის განაწილებასა და ბაზრის შეზღუდვაში. შედეგად, სააგენტომ კომპანიებს ჯამში დააკისრა 55 მილიონ ლარამდე ჯარიმა. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოების მიერ და სააგენტოს საქმე დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად. შესაბამისად, საქმეზე სააგენტოს მიერ მიღებულია ახალი გადაწყვეტილება.