„ვაგრძელებთ კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით დაწყებულ რეფორმებს და უკვე მეორედ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“. ჩვენი მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება. ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგების, გამოწვევების და მიღწევების ერთობლივ ფორმატში განხილვა და ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია“- ამ განცხადებით გახსნა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.
კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს ირაკლი ლექვინაძემ 2023 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში წარუდგინა. მათ შორის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საწვავის, ფარმაციის და საბანკო-სადაზღვევო სექტორებზე, ასევე, მომხმარებლის უფლებების და ანტიდემპინგის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე. ირაკლი ლექვინაძემ სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წლიდან, უწყების სახელწოდებაში ცვლილება შევა და მას კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო ეწოდება.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, კონკურენციისა და მომხმარებელის უფლებებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ იმართება და ყოველწლიური აღნიშნვნის ფორმატი აქვს. მისივე განმარტებით, კონფერენციაზე 9 თემატური სესია გაიმართება, სადაც მონაწილეები, სამი დღის განმავლობაში, ერთობლივ ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების, კარტელების, კონცენტრაციების კონტროლის, მომხმარებლის უფლებების დაცვის და ვაჭრობაში სამართლიანი პოლიტიკის ეფექტიან მექანიზმებზე იმსჯელებენ.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, UNCTAD - ტერესა მორეირა; კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი, OECD- ორი შვარცი.
კონფერენცია ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება
კონფერენციაში მონაწილეობენ: 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.