საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.


თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.


მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც 20 მედიკამენტის (ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე, დიოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი) მაღალი (300%-3000%) ფასნამატით რეალიზაცია ხდებოდა. 


საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში, სააგენტომ განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილის გამოთვლა განახორციელა. 


შედეგად, 8 იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისი ბაზრის 40%-ზე მეტი)  14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება:


1. იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც“(ს/კ 402011327), მედიკამენტები -  ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;


2. იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა”(ს/კ 205224292),  მედიკამენტი  - ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);


3. იმპორტიორი შპს “ნუვეა ფარმაცევტიკალს”(ს/კ 405266386), მედიკამენტები - ადაზალ ნეო  (200 მგ. N2), ადაზალ ნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);


4. იმპორტიორი შპს „ბარდი“(ს/კ 205288160), მედიკამენტი - არიპრადა;


5.  იმპორტიორი შპს „რიჩ გრუპი“(ს/კ 434172977),  მედიკამენტი - ზინასენი N60;


6. იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა“(სკ 440397606), მედიკამენტი - ლორნიკუსი ამპულა N1;


7. იმპორტიორი შპს „გეა“(ს/კ 201951209),  მედიკამენტები - ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი ტაბ. 480მგ., ბისეპტოლი ტაბ. 120მგ.;


8. იმპორტიორი შპს “BIH” (ს/კ 406075900), მედიკამენტი - ტრეპარინი.


მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს - მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობის და მაღალი ფასნამატის, როგორც არასამართლიანად მაღალი ფასის შეფასებას.


ინფორმაციისთვის: 2023 წელს,  სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დაასრულა, სადაც 3 შემთხვევაში  შეთანხმებული ქმედება დადგინდა.  მათ შორის, ფარმაციის ბაზარზე, 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა, 1 შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 1 შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში მოკვლევა მომჩივნის განაცხადის საფუძველზე შეწყდა. ამ დროისთვის, 2  მოკვლევა მიმდინარე რეჟიმშია -  დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე.

06.02.2024
უკან დაბრუნება