საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე 2023 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს  თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე უწყების საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა.


ირაკლი ლექვინაძემ კომიტეტზე დეტალურად ისაუბრა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე და მიღებულ შედეგებზე, გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.


„2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, გამორჩეული იყო 3 შეთანხმებული ქმედების (კარტელი) თემა  - საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე. სამივე საქმეში დარღვევა იქნა დადგენილი. მოკვლევის 2 საქმეში სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მიმართ რეკომენდაციები გაიცა, ერთ საქმეში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დადასტურდა, ერთ საქმეში კი დომინანტობის ბოროტად გამოყენება არ იქნა დადგენილი.


გასული წლის მონიტორინგებიდან გამორჩეული იყო საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზრის შეფასება, სადაც სააგენტოს შეფასებით კონკურენციის შეზღუდვის გარკვეული რისკები იქნა დანახული. შესაბამისად, მარეგულირებლის მიმართ 6 რეკომენდაციაც გაიცა, რადგან ბაზარი უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდეს.


მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიების კონცენტრაციების ეფექტური კონტროლი. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების საფუძველზე კვარტალურად მოწმდება განხორციელებული კონცენტრაციები და შეუტყობინებლობის შემთხვევაში  შესაბამისი წარმოება იწყება. 2023 წელს 9 კონცენტრაციაზე  გავეცით თანხმობა“.


მისი განმარტებით, 2023 წელს, პირველი ქეისი შედგა დემპინგის მიმართულებით, შესწავლის დაწყების შემდეგ იმპორტიორმა ფასების კორექტირება უზრუნველყო, რაც ადგილობრივი ინდუსტრიის მხრიდან სამართლიანად ჩაითვალა და შესწავლაც შეწყდა.


„აქტიური და შედეგიანია მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით საქმიანობა, დადგინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სტანდარტი. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 500 000 ლარამდე პირდაპირი სარგებელი მიიღეს მომხმარებლებმა. დაჯარიმდა 11 მოვაჭრე“, - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე ირაკლი ლექვინაძემ.


 


 


 

24.05.2024
უკან დაბრუნება