საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძემ თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ  ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღო მონაწილეობა.


სესიაზე - „ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის  მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, შედეგები და მიმდინარე აქტუალური საკითხები წარადგინა.


„სამართლიანი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს ფორმირების მიზნით, 2014 წლიდან - დღემდე, სააგენტომ 100 სავალდებულოდ განსახილველი რეკომენდაცია გასცა, მათ შორის  - 63 სახელმწიფო ორგანოებს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართულებით, ეკონომიკური აგენტებისადმი 24, ხოლო ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით 13. კონკრეტული შედეგებით დასრულდა 56 საქმის მოკვლევა და 13 ბაზრის მონიტორინგი.  მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიების კონცენტრაციების ეფექტური კონტროლი და დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სექტორში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაცემულია 37 თანხმობა. მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით მომართვიანობა მზარდია. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცის, რომ მოვაჭრესთან მიმართებაში მარტო არ არის და დარღვევის შემთხვევაში შეუძლია მოგვმართოს და დაიცვას საკუთარი უფლებები. ამ დროისთვის, სააგენტოში 900-მდე განაცხადი ფიქსირდება. რაც შეეხება ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებას, დავასრულეთ 2 საქმე - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ და 3 ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი - სასურსათო, სასუქების და სამშენებლო სექტორში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას.  


ფორუმი სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ბაქოს, განჯის და გიუმრის მერები. ასევე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, დიპლომატები და 15-მდე ქვეყნის 25 სტუმარი.


მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, 6 და 7 ივნისს, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა შემდეგ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს: ჯანსაღი ქალაქი, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, მდგრადი სოციალ-ეკონომიკური განვითარება, ჯანსაღი ქალაქი, როგორც მახასიათებელი და ინდიკატორი მდგრადი ტურიზმის განვითარებაში, ცირკულარული ეკონომიკა მდგრადი განვითარებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიები და სტარტაპ გარემო საქართველოსა და რეგიონში, სამოქალაქო ჩართულობა და თანამონაწილეობა, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების გავლენა ქალაქის ეკონომიკაზე და ა.შ.

07.06.2024
უკან დაბრუნება