საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო კონკურენტულ გარემოს თხილის ბაზარზე დადებითად აფასებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), თხილის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ: 2020-2023 წლებში, ხუთი მსხვილი ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე 37%-დან 47%-მდე მერყეობდა. თხილის ექსპორტი საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით ხორციელდებოდა იტალიაში (32%), რომელსაც მოყვება გერმანია (20%), სომხეთი (7%) და რუსეთი (4%).

საქართველოდან 2020 წელს - 289,8 მლნ. ლარის ღირებულების 16 675 ტონა,  2021 წელს - 365.7 მლნ. ლარის  ღირებულების 23 465 ტონა, 2022 წელს - 277.1 მლნ. ლარის ღირებულების 21 848 ტონა, ხოლო 2023 წელს -  219.2 მლნ ლარის ღირებულების 16 169 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტიორი ეკონომიკური აგებტების რაოდენობა ამ პერიოდში 65-80 ერთეულის ფარგლებში მერყეობდა.

GCCA-ის შეფასებით ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. 5 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი შესასწავლ პერიოდში 47%-ს არ აღემატებოდა, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით. ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობის, მსხვილი კომპანიების წილობრივი მაჩვენებლების და კონცენტრაციის ინდექსის გათვალისწინებით, ბაზარი კონკურენტულია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან ხორციელდება 2 ტიპის თხილის ექსპორტი - ნაჭუჭგაუცლელი და ნაჭუჭგაცლილი. 2020-2023 წლებში, ქვეყნიდან ძირითადად ხორციელდებოდა ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტი. 5 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის წილი ნაჭუჭგაცლილის საერთო ექსპორტში დაბალია და  31-39%-ს შეადგენდა.

ნაჭუჭგაუცლელი თხილის შემთხვევაში, ბაზარი მაღალკონცენტრირებულია, სახეზეა დომინანტი ეკონომიკური აგენტი, თუმცა  დამატებითი შესწავლის შემთხვევაში დადგინდა, რომ ბაზრის ამგვარი სტრუქტურა რიგი ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული. შესაბამისად, არ არსებობს კონკურენტულ გარემოზე კონცენტრაციის ამგვარი ხარისხის უარყოფითი გავლენა.

GCCA-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, მონიტორინგის ფარგლებში, თხილის ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. შესაბამისად, GCCA-ის  გადაწყვეტილებით, შემდგომი დაკვირვების მიზანშეწონილობა არ არსებობს.

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შესწავლა 2022 წელს ადგილობრივი ფერმერების მომართვის საფუძველზე დაიწყო. 

13.06.2024
უკან დაბრუნება