საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მ “უსამართლო კომერციული საქმიანობის შესახებ” ICPEN-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვლევაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA),  მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც  ელექტრონული კომერციის სექტორში მოქმედი კომპანიების შემოწმებას ითვალისწინებდა.


კვლევის ფარგლებში, რომელშიც 26 ქვეყნის მომხმარებლის დაცვის უწყება იყო ჩართული, დადგინდა რომ მოვაჭრეების ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების უმეტესობა, სააბონენტო მომსახურების გაწევის დროს, შეცდომაში შემყვან შაბლონებს (Dark Pattern) იყენებს. აღნიშნული ქმედება მოვაჭრეების მხრიდან ინტერნეტ პლატფორმებზე ფიქსირდება და მისი ძირითადი მიზანია სხვადასხვა მანიპულაციებით მომხმარებლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა, რომელიც, შესაძლოა, მის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამებოდეს.


პროექტის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ  6 მოვაჭრე გადამოწმდა, რომელთა 87%, მინიმუმ, ერთ შეცდომაში შემყვან პირობას/შაბლონს იყენებდა. GCCA-ის მიერ ასევე დადგინდა, რომ კომპანიები, ყველაზე ხშირად, ინტერნეტ სავაჭრო გვერდზე, ინფორმაციის განთავსებისას ისეთ ფორმას მიმართავენ (ფოტო, გრაფიკა, ფერები), რომელიც მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენის (interface interference) და შენაძენის გაკეთებისკენ არის მიმართული.


ICPEN-ის მიერ ჩატარებული კვლევა 2024 წლის 29 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს და 26 უწყების მიერ სულ  642 მოვაჭრის ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია შემოწმდა. კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ დადგენილი უსამართლო კომერციული პირობისთვის/შაბლონისთვის დამახასიათებელი ექვსი ინდიკატორი.  მიღებული შედეგების მიხედვით, კომპანიების 75.7%,  მინიმუმ, ერთ შეცდომაში შემყვან პირობას/შაბლონს (Dark pattern) იყენებს, ხოლო 66.8% - ორს ან მეტს. პროექტის ფარგლებში დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, Dark pattern-ის მზარდი გავრცელება ონლაინ სექტორში დადასტურდა. შესაბამისად, GCCA აღნიშნული დასკვნის შედეგებს და ტენდენციებს  აღსრულების პროცესში გაითვალისწინებს.


2023 წლიდან, GCCA არის ICPEN პარტნიორი, რომელიც მომხმარებლის დაცვის უწყებების 70-ზე მეტ წევრ ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა  წევრ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკის, რესურსების გაზიარებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ხელშეწყობა.


ინფორმაციისთვის: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) 2022 წლიდან მომხმარებლის დაცვის შესახებ“ კანონს, ხოლო 2024 წლიდან „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონს აღასრულებს. დარღვევის შემთხვევაში, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირი უფლებამოსილია შეავსოს სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოს ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge . დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20.

11.07.2024
უკან დაბრუნება