საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TAIEX-ის (ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) მისიის ფარგლებში, დადებითი შეფასება და რეკომენდაციები მიიღო.
GCCA-სა და TAIEX-ს შორის გამართული სამუშაო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ქართული კონკურენციის კანონმდებლობის გაუმჯობესება და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან თანხვედრის შეფასება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TAIEX-ის ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა GCCA-ის, როგორც კონკურენციის პოლიტიკის აღმასრულებელი უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიძლიერე. მათ შორის, ადამიანური რესურსების კვალიფიკაცია კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და ადვოკატირების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონცენტრაციების კონტროლის პროცესში GCCA-ის გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმებზე.
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სრულყოფისა და ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან უფრო მეტად აპროქსიმაციის მიზნით, TAIEX-ის ექსპერტების მიერ GCCA-ის მიმართ რამდენიმე რეკომენდაცია გაიცა. კერძოდ, სახელმწიფო დახმარებების კონტროლის მექანიზმების დახვეწის, ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებით ჯარიმის გამოყენების სახელმძღვანელო მითითებების განახლების და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების, სახელმძღვანელო წესების შემუშავების მიმართებით.
ინფორმაციისთვის: 2020 წელს, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოექცა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, რომელიც სააგენტოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობა კონკურენციის მიმართულებით 75%-ია, რაც 2022 წელს, 60%-ს შეადგენდა.