საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ევროკავშირში ლუდის უმსხვილესი მწარმოებლის მიერ საქართველოში დაგეგმილ კონცენტრაციებზე GCCA-იმ თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგის“ (ნიდერლანდური Royal Swinkels-ის შვილობილი კომპანია) მიერ შპს „გლობალ ბიერ ჯორჯიას“, შპს „გენუინ ბრევინგ კომპანის“, შპს „გლობალ ქოფი ჯორჯიასა“ და შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკის“ 100%-იანი წილების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.


GCCA-ის მიერ შეფასებული იქნა ლუდის, არალკოჰოლური სასმელების და ყავის იმპორტის ბაზარი. 2023 წელს ლუდის ბაზარზე მოქმედებდა 75 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 131 709 495 ლიტრს, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) გაუტოლდა 2273-ს. ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ მაჩვენებელს, თუმცა ბაზარზე წარმოდგენილნი არიან სამიზნე სუბიექტზე უფრო დიდი კომპანიები და ბაზარი ამ კუთხით საკმაოდ დაბალანსებულია და საერთო ჯამში კონკურენტულია.


არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე 2023 წელს მოქმედებდა 215 კომპანია,  ბაზრის მოცულობა შეადგენდა 464 757 669 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) - 2 590-ს. ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა შესაბამისი ინდექსი კონცენტრაციაში მონაწილე პირების საბაზრო მდგომარეობით არ არის განპირობებული.


შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ოპერირებს სადისტრიბუციო მომსახურების დონეზე. სადისტრიბუციო მომსახურების ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა  7 431 011 772 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსმა (HHI) 400 ერთეული, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.


შპს „ახალი ყავის კომპანია“ წარმოადგენს ყავის იმპორტიორ კომპანიას. ყავის იმპორტის ბაზარზე ოპერირებდა 200 ეკონომიკური აგენტი, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 6 625 788 კილოგრამი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი გაუტოლდა 1721 ერთეულს, რაც მიუთითებს, რომ ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია.


სააგენტოს მიერ კონცენტრაციის შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტორიც, რომ აღნიშნულ კომპანიათა 100%-იანი წილების მფლობელი ერთი სუბიექტია, რაც ნიშნავს, რომ ისინი არსებული მდგომარეობით უკვე ერთიანდებოდნენ ერთ ჯგუფში და მათი დაჯგუფება კონცენტრაციის შედეგი არ იქნება. ამდენად, მათი ახლებურად დაჯგუფების გამო კოორდინირებული და არაკოორდინირებული ეფექტების გაჩენის რისკი არ არსებობს. ამასთანავე, კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება არცერთ ბაზარზე არ ხდება, ვინაიდან, შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგი“ არ საქმიანობს არცერთ შესაბამის ბაზარზე, მისი მაკონტროლებელი კომპანიები კი საქართველოს ბაზარზე არ ოპერირებენ.


შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცნეტრაციის მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, განხორციელებული კონცეტრაცია არ მოახდენს არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე. 


ინფორმაციისთვიის შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგი“ ნიდერლანდებში რეგისტრირებული  Royal Swinkels-ის შვილობილი კომპანიაა საქართველოში. Royal Swinkels ევროკავშირში ლუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია, კომპანიის პორტფელში არის საქართველოს ბაზრისთვის ნაცნობი ბრენდი “Bavaria“.


Georgia Capital-ის ჯგუფის წევრი შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია  თავის მხრივ „ყაზბეგის“, „აისის“, ასევე საქართველოში Heineken-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია. ხოლო შპს “გენუინ ბრევინგ კომპანი” აწარმოებს პირველ ქართულ კრაფტ ლუდს - “შავი ლომი”. საკონტროლო პაკეტის სანაცვლოდ Georgia Capital-ი მინიმუმ 63 მლნ დოლარს მიიღებს.


GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.


2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 14 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა, ხოლო, ამ ეტაპზე, 6 კონცენტრაციასთან დაკავშირებით  საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

19.12.2024
უკან დაბრუნება