საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) ინიციატივით და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) ორგანიზებით სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ სააგენტოს თანამშრომლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ - მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ. კერძოდ, საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერების და მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეხვედრის ფარგლებში მსჯელობა გაიმართა - თუ რა უნდა გაითვალისწინონ ადგილზე ან ონლაინ ვაჭრობის დროს, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და ვის უნდა მიმართონ დარღვევის შემთხვევაში.
შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ - GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის უფროსი, მარიამ შაიშმელაშვილი, სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თეა ჯუღელი და GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ოლიკო კობახიძე.
საუნივერსიტეტო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში GCCA-ის ინიციატივით მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში იგეგმება, სადაც სააგენტოს თანამშრომლები სტუდენტებთან ერთად მიმოიხილავენ - კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, არსებულ გამოწვევებს და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში დადგენილ სტანდარტებს, მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ აქტივობებს.