საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ახალი სახელმძღვანელო, სახელწოდებით - „გარემოსდაცვითი ხასიათის განაცხადები: პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა“ დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს „გარემოსდაცვითი განაცხადების“ (Green Claims) ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში სწორ, სანდო და კანონის შესაბამისად გამოყენების ხელშეწყობას.
დოკუმენტი ეფუძნება ევროკავშირის თანამედროვე სამართლებრივ ჩარჩოს, მათ შორის, შესაბამის დირექტივებს და სრულად თავსებადია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. სახელმძღვანელო განმარტავს, თუ რა მიიჩნევა გარემოსდაცვით განაცხადად, რა რისკებს შეიცავს შეცდომაში შემყვანი გარემოსდაცვითი განაცხადები (greenwashing) და განსაზღვრავს 10 ძირითად პრინციპს, რომელთა დაცვაც აუცილებელია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის თავიდან ასარიდებლად.
ამასთან, სახელმძღვანელო წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს როგორც ბიზნესისათვის, ისე მომხმარებლებისა და ნებისმიერი დაინტერესებული მხარისათვის. დოკუმენტი ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინფორმირებულ არჩევანს, სამართლიან კონკურენციასა და ნდობაზე დაფუძნებული ბაზრის ფორმირებას.