GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, მიმდინარე წლის გეგმები განიხილა და 2025 წლის მიღწევები შეაჯამა.
ირაკლი ლექვინაძემ უწყების თანამშრომლებს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით 2026 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა და მათთან ერთად, პროცესის წარმატებით განხორციელების მიზნით, დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილა.
შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება დაეთმო სააგენტოს 2025–2027 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიას. მონაწილეებს წარედგინათ სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, მიღწეული შედეგები და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე, სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ მიმდინარე წელს დამტკიცებულ ანტიკორუფციულ ქცევის კოდექსს, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოში პროფესიული სტანდარტების გაძლიერებასა და არადისკრიმინაციულ სამუშაო გარემოს შექმნას.
შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა გუნდური მუშაობის მნიშვნელობას ეფექტიანი ინსტიტუციური საქმიანობის უზრუნველყოფაში.
შეხვედრის მეორე ნაწილში მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა კოლეგებს ICPEN-ის 2026–2027 წლების პრეზიდენტობის ფარგლებში სააგენტოს მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრისას, ასევე, განიხილეს სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის განვითარების სტრატეგია, დაგეგმილი საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობები.
შეხვედრის ბოლო ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა - მონაწილეებმა სააგენტოს სამომავლო პრიორიტეტებსა და განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს.