საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ი აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. შესაბამისი ბაზრების ანალიზი სააგენტომ 2025 წელს დაიწყო და მონიტორინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით ხორციელდება.


შუალედური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს, საქართველოში, 96 კომპანიის მიერ, ჯამურად 128.8 მლნ ლარის ღირებულების აგროქიმიკატების იმპორტი განხორციელდა, (2022 წელთან შედარებით 11 %-იანი ზრდა დაფიქსირდა), ხოლო პესტიციდების იმპორტი 164 კომპანიის მიერ განხორციელდა და ღირებულებამ, მთლიანობაში -  118.6 მლნ ლარი შეადგინა (რაც 2022 წელთან შედარებით 24 %-იანი ზრდა იყო).


აგროქიმიკატების იმპორტის ძირითადი ნაწილი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან, თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან, ხოლო პესტიციდების შემთხვევაში, ძირითადად, ჩინეთიდან, თურქეთიდან და ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან ხორციელდებოდა.


შესწავლილი მონაცემების საფუძველზე, 2022-2025 წლებში, დაიდენტიფიცირდა 32 შესაბამისი ბაზარი აგროქიმიკატების, ხოლო 34 ბაზარი პესტიციდების მიმართულებით. სააგენტოს  პირველადი მონაცემებით, აგროქიმიკატების შემთხვევაში, 9 კომპანიას 14 სხვადასხვა იდენტიფიცირებულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ფლობა დაუდასტურდა, ხოლო პესტიციდების შემთხვევაში - 7 კომპანიას 30 სხვადასხვა შესაბამის ბაზარზე.


ამასთან, კვლევის თანახმად, აგროქიმიკატების ნაწილში, 2022-2025 წლებში, დაიდენტიფიცირდა 75 შემთხვევა, როდესაც პროდუქციის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ფასნამატი 100%-ს აღემატებოდა (საოპერაციო ხარჯებისა და გადასახადების გაუთვალისწინებლად). რაც შეეხება პესტიციდებს, ანალოგიურ პერიოდში, დაიდენტიფიცირდა 86 შემთხვევა, როდესაც ფასნამატი იმპორტიდან საცალო ქსელამდე ასევე 100%-ს აჭარბებდა.


გარდა ამისა, მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა-მიღების პროცესი ქვეყანაში, პრაქტიკულად, რეგულირებული არ იყო.


მიმდინარე ანალიზის თანახმად, სააგენტოს შეფასებით, ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა, ბაზარზე ხელოვნური მოთხოვნით განპირობებული მაღალი ფასები და პროდუქციის ჭარბი მოხმარება განაპირობოს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბაზრებზე სამართლიანი გარემოს ფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია, რეგულირების პოლიტიკის ჩამოყალიბება.


GCCA-ი აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზრის მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. 

23.02.2026
უკან დაბრუნება