კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა თეონა ბაბუნაშვილმა, პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება OECD-ის კონკურენციის ღია დღის (OECD Competition Open Day) ფარგლებში ჩატარდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.
შეხვედრების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა, კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები და რეგულირების პრაქტიკული მექანიზმები მიმოიხილეს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო კონკურენციის უწყებების საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს. საუბარი შეეხო AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებას კონკურენციის დარღვევების გამოვლენის პროცესში, მონაცემთა ანალიზსა და უწყებების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე განიხილეს კონცენტრაციების კონტროლის პროცესში თანამშრომლობაზე დაფუძნებული მექანიზმების შემუშავების საკითხები. მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკულ გამოცდილებას გაეცნენ.